აგრარული უნივერსიტეტი

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა

მარტს, დაახლოებით დილის 5 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დასრულდა სხდომა, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს განიხილავდა.  ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. 
ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება საბჭომ ღია კენჭისყრის შედეგად მიიღო. კენჭისყრამდე კი საბჭოს წევრები, რომელიც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 8 თებერვალს დანიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, დაახლოებით 10 საათის განმავლობაში განიხილავდნენ განათლების ხარისხის ცენტრის მიერ მომზადებულ 80-გვერდიან დასკვნას. ავტორიზაციის საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. 
ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  პროფესორმა კახი ყურაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა და მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე იყო ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.
საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტრორიზაცია რამდენიმე მიზეზით გაუუქმა. კერძოდ, უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის, რომ სასწავლო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურიდან ყველა წიგნი არ იყო ბიბლიოთეკაში ან ზოგ წიგნზე არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. 
ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა ერთ ვაკანსიაზე, თუმცა აიყვანა ორი ლექტორი, რადგან ორივე კანდიდატი მოეწონა კომისიას. ავტორიზაციის საბჭოს აზრით, ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი. 
აგრარულ უნივერსიტეტს ასევე შეედავნენ იმაში, რომ მან სომხეთში მიღებული განათლება და მიღებული კრედიტები შესაბამისად ჩაუთვალა ორ სტუდენტს და სწავლის დასრულების შემდგომ, გასცა ბაკალავრის დიპლომები. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას კი ახდენს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი. 
მედიასთან საუბარში კახი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, სტუდენტების ინტერესები დაცული იქნება. კერძოდ, მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა, აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ მთელი 10 საათის განმავლობაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომა სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტების რამდენიმე წარმომადგენელი უშუალოდ სხდომასაც ესწრებოდა. საბჭოს გადაწყვეტილება სტუდენტებმა უსამართლოდ შეაფასეს და განაცხადეს, რომ აუახლოეს მომავალში წარმოადგენენ გეგმას, თუ რა ფორმით გააპროტესტებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. 
სოციალურ ქსელ Facebook-ში დილიდან გავრცელდა საპროტესტო შინაარსის რამდენიმე განცხადება. 
თავისუფლების კლუბის წერილში ნათქვამია, რომ "საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამოდგეს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ინტერესების არაჯანსაღი დოზით შემოსვლის უაღრესად სახიფათო პრეცედენტი, რისგან დაზღვეულიც სამომავლოდ არცერთი კერძო უნივერისტეტი არ შეიძლება გამოდგეს. ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს საგანმანათლებლო კლიმატს ქვეყანაში და განათლების სისტემაში ინვესტირების მსურველებს საფუძვლიან ეჭვს შეუქმნის იმის თაობაზე, თუ რამდენად დაცული იქნება მათ მიერ გაწეული ძალისხმევა სახელმწიფო ჩარევისგან".
მოკლე განცხადება გავრცელდა ლაბორატორია 1918-ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც, "‎ლაბორატორია 1918 სოლიდარობას უცხადებს აგრარულ უნივერსიტეტს და მოუწოდებს განათლების სამინისტროს, იხელმძღვანელოს სტუდენტებისა და ლექტორების ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები