რელიგია

რომის პაპობის 12 კანდიდატი

კათოლიკე ეკლესიის კანონიკის თანახმად, თეორიულად პაპის ტახტზე შესაძლებელია ნებისმიერი სრულწლოვანი კათოლიკე მამაკაცის გამორჩევა, თუმცა მეცამეტე საუკუნიდან კარდინალთა კოლეგია პაპად მხოლოდ კარდინალს ირჩევს. პაპის გადადგომის ან გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ეკლესია Sede Vacante-ს, ვაკანტური ტახტის რეჟიმზე გადადის, არ წყდება საუბრები საპაპო კანდიდატების, ე.წ. პაპაბილების შესახებ. პროგნოზები ხშირად არ მართლდება, თუმცა მედიას მაინც შეუძლია გამოყოს ყველაზე გავლენიანი და მსხვილი კალიბრის წითელი სუტანის მატარებლები. კონკლავის თარიღი 15 მარტამდე დაინიშნება, ამ დროისთვის, სავარაუდოდ 115 კარდინალი უკვე შეძლებს 266-ე პონტიფექსის არჩევას, წმინდა პეტრეს ტახტზე.   

 

კარდინალი
ანჯელო ბანიასკო

ასაკი: 70 წელი

ქვეყანა: იტალია

ტიტული: გენუის არქიეპისკოპოსი

ბანიასკო ყოფილი პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტის ახლო მეგობარია. იტალიის კარდინალებს შორის ის პოპულარობით სარგებლობს და მსხვილი კალიბრის ინტელექტუალად ითვლება. მას აქვს გენუის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

შარშან ბანიასკომ პრესას არაერთი რეიტინგული სათაური აჩუქა, მწვავედ აკრიტიკებდა რა იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონისა და იტალიის სხვა ლიდერებს არაეთიკური ქცევისთვის. სავარაუდოდ, იტალიელი ეპისკოპოსების დიდი ნაწილი სწორედ მას დაუჭერს მხარს. თუმცა ბანიასკოს არასდროს დაუტოვებია იტალია, ის ნაკლებცნობილი პირია კათოლიკე ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში.

ბანიასკო კარდინალი 2007 წელს გახდა. ამავე წელს ის პაპმა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტად დანიშნა.

 

კარდინალი
ანჯელო სკოლა

ასაკი: 71

ქვეყანა: იტალია

თანამდებობა: მილანის არქიეპისკოპოსი

სკოლას არქიეპარქია კარგ პლაცდარმად ითვლება საპაპო კანდიდატებისთვის. მეოცე საუკუნის ორი პაპი, პიუს მეთერთმეტე და პავლე მეექვსე სწორედ მილანის კათედრიდან ავიდნენ პეტრეს ტახტზე. 2003 წელს ის გახდა კარდინალი. 2011 წლიდან ატარებს არქიეპისკოპოსის ხარისხს. სკოლა ვენეციის პატრიარქიც იყო. იტალიის ეპარქიათა შორის ვენეციის საპატრიარქო კათედრა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციულია.

სკოლას კათოლიკე ეკლესიაში ისლამის მსხვილ სპეციალისტად იცნობენ და სწორედ მას აბარია ამ რელიგიის წარმომადგენლებთან დიალოგი. ახლო აღმოსავლეთში ისლამისა და ქრისტიანობის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის სკოლას ბრძოლა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ეკლესიის უმაღლესი იერარქიისთვის. ის თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე და აქვს კარგი აკადემიური განათლება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა პაპაბილად ითვლებოდა 2005 წლის კონკლავზე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას არ მიუღია არცერთი ხმა. თუმცა, როგორც ცნობილია, კონკლავი მაშინ უკვე შეთანხმებული იყო იოზეფ რაცინგერის პაპად არჩევაზე, სწორედ ამიტომ ის სულ რაღაც ერთ დღეს გაგრძელდა.

 

კარდინალი
ლეონარდო სანდრი

ასაკი: 69

ქვეყანა: არგენტინა

თანამდებობა: აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაციის პრეფექტი

სანდრი ვატიკანის ადმინისტრაციას 2000-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. მოცემულ მომენტში ის აღმოსავლეთის ეკლესიებს კურირებს. აღნიშნული ეკლესიები საკუთარ წეს-ჩვეულებებს მისდევენ და ლიტურგიული ტრადიციებით ლათინური წესის კათოლიკეებისგან განსხვავდებიან. მიუხედავად ამისა, ლეონარდო სანდრის ცნობა კარდინალთა უმრავლესობას არ უჭირს - იკავებს რა პარალელურად კურიის სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს. 1997 წელს მისი დიპლომატიური კარიერა ვენესუელაში გაგრძელდა, სადაც სამოციქულო ნუნციუსად, ვატიკანის ელჩად დაინიშნა. როგორც ცნობილია, ვენესუელის ხელისუფლებასთან წმინდა საყდრის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო, ამ ქვეყანაში დიპლომატიურ ურთიერთობებს ვატიკანი მხოლოდ განსაკუთრებულ ტალანტებს ანდობს.

სანდრი არგენტინელი იტალიელების ოჯახში დაიბადა, რაც მას ერთდროულად ორი კონტინენტის წარმომადგენლად აქცევს. ის კარდინალია 2007 წლიდან.

 

კარდინალი
კრისტოფ შიონბორნი

ასაკი: 68

ქვეყანა: ავსტრია

თანამდებობა: ვენის არქიეპისკოპოსი

შიონბორნი ავსტრიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელი და პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტის ყოფილი სტუდენტია. ის ხმამაღლა აკრიტიკებდა სექსუალურ სკანდალს ეკლესიაში, რის გამოც ბევრი მტერიც გაიჩინა. იოანე პავლე მეორის დროს, სწორედ მას ანდეს კათოლიკური კატეხიზმოს რედაქტირება, რომელთან კონტაქტიც ნებისმიერ „აქტიურ კათოლიკეს“ უწევს.

შიონბორნი 1995 წლიდან ვენის არქიეპისკოპოსია, ხოლო 1998 წლიდან კარდინალი. მას იცნობენ, როგორც ევოლუციონისტ და მოდერნისტ კარდინალს, თუმცა იმავდროულად, კონსერვატორი პაპის მიმდევრის იარლიყსაც ატარებს. შიონბორნი არაერთხელ იყო სკანდალის მონაწილე, განაცხადა რა, რომ მოვიდა დრო კათოლიკე ეკლესიამ ცელიბატს გადახედოს. თუმცა საკუთარი პოზიცია მოგვიანებით შეარბილა. შიონბორნმა ღია ლგბტ პირი სამრევლოს მეთაურად დანიშნა, რამაც კიდევ ერთი სკანდალი გამოიწვია.

 

კარდინალი
ოდილო პედრო შერერი

ასაკი: 63

ქვეყანა: ბრაზილია

თანამდებობა: სან-პაულუს არქიეპისკოპოსი

როგორც ყველაზე მსხვილი კათოლიკური ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეპარქიის ლიდერი, შერერი ლათინური ამერიკის ძლიერ კანდიდატად ითვლება. კათოლიკეთა უმრავლესობა სწორედ აქ ცხოვრობს. შერერი გერმანული წარმომავლობის კარდინალია, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც პაპი ბენედიქტეს მემკვიდრე. ის ორი წლის წინ დაინიშნა ახალი ევანგელიზაციის კონგრეგაციის ხელმძღვანელად, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა კათოლიკე ეკლესიისთვის. ლათინურ ამერიკაში პროტესტანტების რაოდენობა სინათლის სიჩქარით იზრდება, ამ პროცესთან გამკლავება კი მონოლითურ რელიგიურ ინსტიტუტს უჭირს. ოდილო შერერი აქტიურად აკრიტიკებს „განთავისუფლების თეოლოგიას“, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ულტრამემარცხენე მიმდინარეობას კათოლიკე ეკლესიაში, რომელსაც ბენედიქტე მეთექვსმეტე ჯერ კიდევ კარდინალობისას ებრძოდა. ეწინააღმდეგება მარქსიზმსაც, თუმცა მიიჩნევს, რომ სოციალური უსამართლობა და სიღარიბე ყურადღებას საჭიროებს.

შერერი აღყვანილ იქნა სან-პაულუს არქიეპისკოპოსის ხარისხში 2007 წელს, ხოლო რვა თვეში ბენედიქტე მეთექვსმეტემ მას წითელი ბურეტა გადასცა. ამბობენ, რომ შერერს რომის კურიაში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ეს ყოველთვის არ ამართლებს.

 

კარდინალი
პიტერ ტურკსონი

ასაკი: 64

ქვეყანა: განა

თანამდებობა: პონტიფექსის სამართლისა და მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელი

არჩევის შემთხვევაში ტურკსონი პირველ შავკანიან პაპად იქცევა. მას შემდეგ რაც პაპმა ბენედიქტემ გადადგომის შესახებ განაცხადა, ტურკსონი მედიისა და ფსონების მოყვარულთა ფავორიტია. ის ჩრდილოეთ აფრიკის კანდიდატად ითვლება, რომელსაც პონტიფექსის მშვიდობისა და სამართლის საბჭო 2009 წლიდან აბარია. ტურკსონს ახასიათებენ როგორც ენერგიულ აფრიკელ ლიდერს. პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ერთხელ განაცხადა, რომ შავკანიანის პაპად არჩევა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა სამხრეთ ნახევარსფეროში მზარდი აფრიკული ეკლესიისთვის. ტურკსონი აქტიურად იცავდა პაპი ბენედიქტეს გამონათქვამებს პრეზერვატივებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პრესამ კონტექსტიდან ამოგლიჯა და პაპის წინააღმდეგ მიმართა გამონათქვამი, რომელიც რეალურად პონტიფექსს არ უთქვამს. მისივე სიტყვებით, პრეზერვატივი არ არის აფრიკაში შიდსის პრობლემის გადაწყვეტის ფაქტორი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ კონტინენტზე ძირითადად ცუდი ხარისხის პრეზერვატივები რიგდება.

ტურკსონი კარდინალია 2003 წლიდან. უფრო ადრე ის კეიპ-კოსტის არქიეპისკოპოსი იყო. ითვლება, რომ საპაპო კათედრისთვის ის ზედმეტად მემარცხენეა.

 

კარდინალი
ლუის ტაგლე

ასაკი: 55

ქვეყანა: ფილიპინები

თანამდებობა: მანილის არქიეპისკოპოსი

ტაგლე კარდინალი გახდა 2012 წლის ნოემბერში, ხუთ სხვა ეპისკოპოსთან ერთად. ექვსკაციანი კონსისტორია, რომელზეც კარდინალებს პაპი წითელ ბურეტას გადასცემს, ზედმეტად მცირე აღმოჩნდა ამგვარი ღონისძიებისთვის. სწორედ სიმცირე გახდა ამ კონსისტორიის მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩენის მიზეზი. ვატიკანის კომენტატორებმა ჯერ კიდევ ნოემბრიდან ტაგლე საპაპო კანდიდატად დაასახელეს. ითვლება ქარიზმატულ ლიდერად, რომელიც პაპი ბენედიქტეს ახლო მეგობარია. მიუხედავად ამისა, ტაგლე უკანასკნელი იყო სიაში, რომელიც პაპმა ბენედიქტემ კარდინალი გახადა. აზიელი ეპისკოპოსები ამასთან დაკავშირებით ხუმრობდნენ, რომ „ის ბოლო იყო პაპის სიაში, მაგრამ პირველი აზიაში“. ტაგლეს არჩევა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება აზიაში მზარდი ქრისტიანული თემისთვის.

 

კარდინალი
ჯანფრანკო რავაზი

ასაკი: 70

ქვეყანა: იტალია

თანამდებობა: პონტიფექსის კულტურის საბჭოს პრეზიდენტი

რავაზის კათოლიკე ეკლესიაში ინტელექტუალ იერარქად მიიჩნევენ, ვისაც შესანიშნავად გამოსდის თანამედროვე სამყაროსთან დიალოგი. მას იცნობენ წმინდა წერილის პოპულარიზატორად, რომელსაც არ ეშინია აქტიურ დისკუსიაში შესვლა მებრძოლ ათეისტებთან. ეს მის უშუალო მოვალეობებშიც შედის, ხელმძღვანელობს რა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საბჭოს ვატიკანში. რავაზი იმავდროულად პაპის „სიწმინდეთა არქეოლოგიის“ კომისიის პრეზიდენტიცაა. ის უფრო მეტ დროს ატარებს ეკლესიის გარეთ დიალოგში, ვიდრე ეკლესიის შიგნით, რამაც შესაძლოა ზედმეტად „საერო“ კანდიდატად აქციოს კონკლავისთვის. თუმცა დიდმარხვის პრესტიჟული ქადაგების წარმართვის უფლება, ბენედიქტე მეთექვსმეტემ სწორედ მას ანდო, მას შემდეგ რაც გადადგომის შესახებ განაცხადა. მიიჩნევა, რომ აღნიშნული ქადაგებები, რომელსაც პაპი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რავაზისთვის შესანიშნავი „წინასაარჩევნო კამპანია“ იყო. ეს მის შანსს არჩეულ იქნას 266-ე პაპად, მხოლოდ ზრდის.

რავაზი კარდინალი გახდა 2010 წელს. მის კალამს მრავალი წიგნი და პუბლიკაცია ეკუთვნის, რომელიც ფართოდ შუქდება მედიაში.

 

კარდინალი
მარკ უელე

ასაკი: 68

ქვეყანა: კანადა

თანამდებობა: ეპისკოპოსების საქმეთა კონგრეგაციის პრეფექტი

კარდინალი უელე საკუთარი თანამდებობის გამო, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად ითვლება ეკლესიაში, აქვს რა კონტაქტი მთელი მსოფლიოს ეპისკოპატთან. ეპისკოპოსთა კონგრეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მას 2010 წლიდან უკავია, რაც საკმარისი დროა მრავალი იერარქის გასაცნობად. პირადი ნაცნობობა კი ეკლესიაში ბევრს ნიშნავს. კარდინალთა უმრავლესობა ერთმანეთს არ იცნობს, არჩევანისას კი მხოლოდ ბიოგრაფიული ცნობარით ვერ იხელმძღვანელებ, საჭიროა პირადი კონტაქტიც. უელე 2005 წლის კონკლავზე ერთ-ერთ პაპაბილად ითვლებოდა, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან ბენედიქტე მეთექვსმეტის პაპად არჩევას დაუჭირა მხარი.

უელე პაპის ლათინური ამერიკის კომისიის ხელმძღვანელიცაა. ის გახდა კარდინალი 2003 წლის ოქტომბერში, როცა ჯერ კიდევ კვებეკის არქიეპისკოპოსი იყო. უელემ საჯაროდ განაცხადა, რომ პაპობა მისთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა, თუმცა ამგვარი გამონათქვამის შემდეგ შესაძლოა ის კიდევ უფრო მიმზიდველ კანდიდატად იქცეს.

 

კარდინალი
ჟოაო ბრაზ დე ავიზი

ასაკი: 65

ქვეყანა: ბრაზილია

თანამდებობა: ღმრთივშეწირული ცხოვრების დაწესებულებათა და სამოციქული ცხოვრების საზოგადოებათა კონგრეგაციის პრეფექტი

კარდინალი ბრაზ დე ავიზი ბრაზილიის ყოფილი დედაქალაქის არქიეპისკოპოსია, ის კარდინალის წითელ მანტიას 2011 წლიდან ატარებს. ლათინურ ამერიკაში არქიეპისკოპოსი ჟოაო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კარდინალია. მიუხედავად ამისა, ის ულტრამემარცხენე „განთავისუფლების თეოლოგიის“ კათოლიკური მიმდინარეობის ფარულ მხარდამჭერად მიიჩნევა. მან განაცხადა, რომ აფასებს ზოგიერთ ასპექტს, რომელსაც ეს მიმდინარეობა ღარიბებს სთავაზობდა. „განთავისუფლების თეოლოგიისადმი“ მიმხრობა, შესაძლოა, მის ბიოგრაფიაში შავ ლაქად დარჩეს, თუ ამჟამინდელი კონკლავის კონსერვატულ შემადგენლობას გავითვალისწინებთ.

 

კარდინალი
ტიმოთი დოლანი

ასაკი: 63

ქვეყანა: აშშ

თანამდებობა: ნიუ იორკის არქიეპისკოპოსი

დოლანი ყველაზე ცნობილი კარდინალია აშშ-ში. მხიარული ხასიათის მიუხედავად, რის გამოც მედიაში პოპულარობით სარგებლობს, იგი კონსერვატული თეოლოგიური შეხედულებების პირად ითვლება, რაც ვატიკანში ორი კონსერვატორი პაპის შემდეგ, ასე ფასობს. მრავალი მიიჩნევს, რომ ზედმეტად ახალგაზრდაა პაპობისთვის, თუმცა იოანე პავლე მეორე პაპად არჩევისას მასზე ხუთი წლით უმცროსი იყო. ის კარდინალი შარშან გახდა.

დოლანი მილოუკის არქიეპისკოპოსი იყო, სანამ ნიუ იორკის არქიეპისკოპოსად დანიშნავდნენ. 2010 წელს აშშ-ის ეპისკოპოსთა კონგრეგაციის პრეფექტი გახდა. წინა წელს მან წამოიწყო სასამართლო დავა პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ, სადაც ფედერალურ ხელისუფლებას აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფაში ადანაშაულებდა. პრესას, კითხვაზე, აქვს თუ არა შანსი იქცეს მომდევნო პაპად, დოლანმა უპასუხა, რომ ყველა, ვინც ასე ფიქრობს, „ალბათ მარიხუანას ეწევა“.

 

კარდინალი
პეტერ ერდო

ასაკი: 60

ქვეყანა: უნგრეთი

თანამდებობა: ესტერგომ-ბუდაპეშტის არქიეპისკოპოსი

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ის ბუდაპეშტის არქიეპარქიის მეთაური და უნგრეთის პრიმასია. საკარდინალო ბურეტა 2003 წელს მიიღო. ერდო დიდი ხნის განმავლობაში იყო კონკლავის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, რითაც ბევრის ყურადღებას იქცევდა.

2006 წლიდან ერდო ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციის საბჭოს პრეზიდენტი იყო. ითვლება დიდი გამოცდილების, გავლენიან ევროპელ კარდინალად. თუ კარდინალები საკუთარ არჩევანს ევროპის კონტინენტზე გააკეთებენ, ერდოს იგნორირება შეუძლებელი აღმოჩნდება. ის ახალგაზრდაა, რაც უპირატესობაა, თუ გავითვალისწინებთ წინა პაპის გადადგომის მიზეზს - ხნიერ ასაკს. ევროპის ეპისკოპოსები, რომლებიც კონკლავის ნახევარზე მეტს შეადგენენ, შესაძლოა საკუთარ პრეფექტს აქტიურად ამოუდგნენ მხარში, რაც ახალგაზრდა უნგრელ კარდინალს თეთრ სუტანას მოუტანს.

 

კომენტარები