ვიზიტი

მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 13-14 ნოემბერს, სამუშაო ვიზიტით, ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. ბრიუსელში, ქვეყნის პირველი პირი ევროპულ საბჭოს პრეზიდენტთან, ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.

მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის პირადი მიწვევით პრაღაში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პრაღაშივე, 12 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ 12-14 ნოემბერს ბრიუსელში ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გაემგზავრება. იგი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს, ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს და ასევე NATO-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.

 

კომენტარები