ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოში ჩატარებულ წინა არჩევნებს თან ახლდა მედიის კონტროლისა და ინფორმირების დამოუკიდებელი წყაროების შეზღუდვის მცდელობები. ამჯერად მთავრობას აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს ღია და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულება და უფლება მისცეს ჟურნალისტებს, თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე იმოქმედონ არჩევნების წინა პერიოდში.” - აღნიშნავს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჯიმ ბუმელა.
IFJ-ის საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის (IAGJ) მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვით, 2011 წლის შუა პერიოდიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარის ან თავდასხმის 50–მდე ფაქტი დაფიქსირდა. ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს მთავრობის მიერ ზომების მიღებით, რომელიც ზღუდავს ჟურნალისტების თავისუფლებას და წარმოშობს ბარიერებს რეპორტიორებისთვის არჩევნების პერიოდის განმავლობაში.
“ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ასევე ეცადა, რომ შეეფერხებინა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობა დედაქალაქში პრესის გავრცელების ჯიხურების სატენდერო პროცესის ცვლილებითა და კერძო კომპანიებისთვის სატელიტური ანტენების დემონტაჟით”. – ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია მიიჩნევს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მოხდა ძალადობრივი გზით პოლიციის მიერ ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევა 2011 წლის მაისში, როდესაც ჟურნალისტები სცემეს და მათი ტექნიკა მიზანმიმართულად გაანადგურეს. IFJ-ის განცხადებით, ასევე 2012 წლის ივლისის ბოლოს ფოტორეპორტიორების "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებამ პრესის თავისუფლებაზე უარყოფითად იმოქმედა.
“მსგავსი ინციდენტები ძირს უთხრის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. მედიის შევიწროება ყოველთვის კონტრპროდუქტიულია". – აღნიშნავს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი ჯიმ ბუმელა.
"დემოკრატია არ დამყარდება საქართველოში, თუ ხელისუფლება არ შექმნის გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი რეპორტაჟების უზრუნველყოფას. ჩვენ გვინდა, ჟურნალისტებმა იმუშაონ თავისუფლად არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგაც, რა შედეგებიც არ უნდა იყოს. ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ჟურნალისტები და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლნი პოლიტიკური ზეწოლის ან ხელისუფლების მხრიდან, ან ოპოზიციის, ანდაც მათი მფლობელების მხრიდან”. – აღნიშნულია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.




