არჩევნები

საარჩევნო გარემო - წინასწარი შეფასებები

კონკურენტული და, ამავდროულად, ძალიან პოლარიზებული – ასეთი შეფასება საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს სამმა საერთაშორისო დელეგაციამ მისცა. საკუთარი დასკვნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მისიებმა წარმოადგინეს. შეფასება ასევე აშშ-ის უწყებათაშორისმა დელეგაციამაც გააკეთა.

სწორედ პოლარიზაციასა და ანტაგონიზმს გაუსვა განსაკუთრებით ხაზი PACE-ის დელეგაციამ, რომლის აზრითაც, ეს თავად საარჩევნო კამპანიას ჩრდილავს. „პარტიებმა ასეთი ნეგატიური კამპანიისგან თავი უნდა შეიკავონ და ფოკუსირება საკუთარი შეხედულებების და პარტიების პროგრამების შესახებ ამომრჩევლების ინფორმირებაზე უნდა მოახდინონ”, – აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

ასამბლეის დელეგაციამ მოუწოდა როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა „ძირი გამოუთხაროს” საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. ოპოზიციამ კი წინასწარ არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.

PACE-მ ხელისუფლებას მიმართა, რათა „განაგრძოს ძალისხმევა” ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად. ასევე, დაგმო ქართული ოცნებისთვის დაკისრებული „არაპროპორციული ჯარიმები”. ამავე დროს, მოუწოდა არჩევნებში მონაწილე ძალებს, სრულად დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა, რადგან კანონის „უსამართლობის განცდით” კანონდარღვევა ვერ გამართლდება.

PACE-ის დელეგაცია მიესალმა არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიისა და უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას.

თავის მხრივ, აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ტომას მელიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები და მისი შემდგომი დღეები მშვიდად ჩაივლის. მისი თქმით, ცალკეული ნაკლოვანებების მიუხედავად, ნათელია, რომ ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. PACE-ის დელეგაციის მსგავსად, აშშ-ის წარმომადგენელმაც მოუწოდა მოქმედ პოლიტიკურ ძალებს „პოლიტიკური ამოცანები საარჩევნო ყუთის მეშვეობით გადაჭრან” და „უარი თქვან ძალადობაზე და თავიდან აიცილონ პროვოკაციები”.

საარჩევნო გარემოს პოლარიზებას და პოლიტიკური მეტოქეების მისამართით „ხშირ საჯარო ბრალდებებს” გაუსვა ხაზი თავის ანგარიშში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მისიამაც. „ხანდახან კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანია, ერთი მხრივ, თანამდებობის და მეორე მხრივ, კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდება”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ძირითადი ნაწილი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ბრალდებების ჩამოთვლას ეთმობა, მათი შეფასების გარეშე. ისინი, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას და სახელმწიფო აუდიტის მიერ პარტიებისთვის ფინანსური სანქციების შერჩევით დაკისრებას ეხება.

საერთაშორისო მისიები ცალკე ყურადღებას უთმობენ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობას. OSCE/ODIHR-ის შეფასებით, მედია მრავალფეროვნებით ხასიათდება, თუმცა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით იყოფიან.

PACE-ის დელეგაცია ხაზს უსვამს „უნდა გავუშვათ” პრინციპის შემოღების შედეგად მედიაგარემოს პლურალიზმის კუთხით მიღწეულ გაუმჯობესებას და მოუწოდებს ხელისუფლებას არჩევნების დღის შემდეგ ამ წესის მოქმედების გახანგრძლივებისკენ. ამავე დროს, დელეგაცია აღნიშნავს, რომ საკაბელო ტელევიზია არ არის ფართოდ გავრცელებული საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა „შეისწავლოს ყველა შესაძლებლობა” რეგიონებში მედიის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

„უნდა გავუშვათ” პრინციპის ამოქმედებას ტომას მელიაც მიესალმა. აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმაც მოუწოდა ხელისუფლებას, ამ პრინციპის მოქმედება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს და შედეგების გასაჩივრების პერიოდიც მოიცვას.

საქართველოში წინა, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, OSCE/ODIHR-მა რამდენიმე შუალედური და ერთი დასკვნითი ანგარიში მოამზადა, რომელშიც მაშინდელი წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინდელი წინასაარჩევნო კამპანია, დამკვირვებელთა დასკვნებით, „ძირითადად მშვიდ ატმოსფეროში” ჩატარდა. მაგრამ მაშინაც, ისევე როგორც დღეს, მისია ხაზს უსვამდა გარემოს პოლარიზებულობას და ოპოზიციის დაბალ ნდობას ხელისუფლების მიმართ.

მაშინდელ ანგარიშში აისახა ოპოზიციური პარტიების შეშფოთება ფინანსური რესურსების ხელმიუწვდომლობის გამო. მნიშვნელოვანი ადგილი 2010 წლის ანგარიშებში ოპოზიციის საჩივრებს დაეთმო (ხელისუფლების მხრიდან კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ). ამ განცხადებების ნაწილი მისიამ სარწმუნოდ მიიჩნია.

ასევე ხაზი გაესვა მმართველი პარტიის მიერ უკანონო საარჩევნო კამპანიის წარმოებასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და ამასთან დაკავშირებით, თანამდებობის პირების მიმართ ბრალდებებს. მისიის შუალედურ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ „ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზოგჯერ ბუნდოვანია”.

ამგვარი შეფასებები მიმდინარე საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით საერთაშორისო მისიების განცხადებებში ჯერჯერობით არ გვხვდება.

ისევე, როგორც ახლა, გასულ არჩევნებზეც დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს მედიის დაყოფას, რომლის ნაწილი უპირატესობას სახელისუფლებო, ნაწილი კი ოპოზიციურ კანდიდატებს ანიჭებდა.

როგორც 2010 წლის არჩევნების შეფასებისას OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოდრი გლოვერი აცხადებდა, არჩევნები გამოირჩეოდა „აშკარა გაუმჯობესებით” და ხელისუფლების მცდელობებით, მოეგვარებინა პროცესის დროს წარმოშობილი პრობლემები. მან განაცხადა, რომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდეგი არჩევნებისთვის არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

რამდენად დაძლია ხელსუფლებამ ხარვეზები და მოხდა თუ არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, წესით, 1 ოქტომბრის შემდეგ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შეფასებებში უნდა გამოჩნდეს.

კომენტარები