არჩევნები

დამკვირვებელთა წინასწარი დასკვნები

ტონინო პიცულა

ტონინო პიცულა
აგვისტოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში საარჩევნო გარემოს წინასწარი შეფასება წარმოადგინა. განცხადებები, რომლებიც დელეგაციის წევრებმა ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გააკეთეს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებებს შეიცავდა.

მათ ყურადღება გაამახვილეს პროგრესზე, რომელიც ამომრჩეველთა სიის დაზუსტების, საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობასა და ქვეყნის მასშტაბით მედიის ხელმისაწვდომობის საკითხებშია მიღწეული.

იმავდროულად, დამკვირვებლებმა რამდენიმე საკითხის გამო შეშფოთება გამოთქვეს. განსაკუთრებით – ოპოზიციური პარტიებისთვის დაკისრებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, რათა გამოიძიოს კერძო პირისა თუ პარტიის ხარჯები, იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაფიო ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე აკისრებს მკაცრ ფინანსურ ჯარიმებს. ჯარიმები არაპროპორციულია და, როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითი ფორმით, ძირითადად ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოში ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ხელმძღვანელმა, ხორვატიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტონინო პიცულამ.

მანამდე „არაპროპორციული” და „გადაჭარბებული” ჯარიმებით შეშფოთება საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც გამოთქვეს. დანიელმა მაიკლ იენსენმა და ლატვიელმა ბორის სილევიჩმა რეაგირება ქართული ოცნების საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფაქტზე 21 აგვისტოს მოახდინეს. მათ აღნიშნეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებები „ფაქტობრივად ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას”. ბრალდებებს აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ კი, მათი აზრით, ისეთი სანდო ორგანიზაციის ცნობები ადასტურებს, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ხელისუფლება, თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა საქმიანობას მიესალმა და ხაზი გაუსვა იმ დადებით შეფასებებს, რომლებმაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებებში გაიჟღერა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დელეგაციის შეხვედრისას „წინ

რიკარდო მილიორი
გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, არსებული ნაკლოვანებებიც განიხილეს” და დაისახა მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზები. მისი თქმით, პრეზიდენტი „დიდი გულისყურით ეკიდება მათ თითოეულ მოსაზრებას” და ეუთო-სთან და მის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა ხელისუფლება არ ეთანხმება იმ შეფასებებს, რაც დელეგაციის წევრებმა ქართული ოცნებისთვის დაკისრებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებთ გამოთქვეს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ნაციონალური მოძრაობის სპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის ვარაუდით, მისიის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა „კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას” ეყრდნობოდა.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ კახიძე ტაბულასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ განცხადებები ჯარიმების არაპროპორციულობის თუ გადაჭარბების შესახებ მცდარ ინფორმაციას ეფუძნება, შეფასებები კი საკითხის საფუძვლიანი შესწავლის გარეშეა გაკეთებული.

კახიძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებისას პროგრესული ფინანსური სანქციების შემოღება (ანუ იმ ოდენობით, რომელიც დაშვებული დარღვევის მოცულობას რამდენჯერმე აღემატება) ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაცია იყო. ეს საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება – მაგალითად, გერმანიაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია სამმაგი ოდენობით განისაზღვრება, ჩეხეთსა და ბელგიაში – ორმაგით.

„არავითარი დისკრეცია სანქციის შერჩევის დროს არც აუდიტის სამსახურს და არც სასამართლოს არ აქვთ. სანქციები ვერანაირად ვერ გახდება პროპორციული – საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ისინი კანონით განისაზღვრება დარღვევის ხუთმაგი ოდენობით”, – აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თავის მხრივ, პარლამენტის წევრმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ დელეგაციამ მკაფიოდ მოუწოდა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, პატივი სცენ ქვეყნის კანონმდებლობას. მისი თქმით, დელეგატებისთვის ცნობილია, „თუ რატომ ექცევა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ფულადი ნაკადების არალეგალური მოძრაობის მცდელობებს”.

„უნდა გაკეთდეს ანალიზი და თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანონის აღსრულების პროცესში ჯარიმები მართლაც ძალიან მაღალია, შესაძლოა ახალი სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდეს. არსებობს შენიშვნები, შესაძლოა არსებობდეს კონტრარგუმენტები. ეს რეკომენდაციები არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა”, – აცხადებს წერეთელი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ასამბლეის დელეგატები შეაშფოთა, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს მკვეთრი პოლარიზება გახდა. ყველაზე დიდი გამოხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის შეფასებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ საარჩევნო კამპანიაში “არის ლენინიზმის მცირედი ნაწილი... როდესაც ხდება არა პროგრამების წარმოდგენა, არამედ მცდელობა, გაანადგურო მტრები". ამ სიტყვებში როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების კამპანიის კრიტიკა დაინახეს.

ასამბლეის დელეგაცია ასევე მკაფიო მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციის მისამართით. ტონინო პიცულას განცხადებით, „ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციაზეც, რომელსაც აქვს სამართლებრივი უფლება, პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის მიზნებს, თუმცა, ამავე დროს, პატივი უნდა სცეს საარჩევნო კამპანიის წესებს”. მისი თქმით, „ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს და მიიღოს არჩევნების შედეგები".

ეუთო-მ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 15 ექსპერტი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი უკვე მოავლინა. უშუალოდ არჩევნების დღისთვის კი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) 350 მოკლევადიან დამკვირვებელს გამოგზავნის.

 

 

კომენტარები