ცენტრალური საარჩევნო კომისია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ განმარტებას აკეთებს. ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე სხვა სახელმწიფოში გახსნილ უბანზე ხმის მისაცემად საქართველოს მოქალაქე საკონსულოს აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს.
”თუ მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე მას შეუძლია 2012 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაცია გაიაროს შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანში. ამ წესით დარეგისტრირებული ამომრჩევლები შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს სიაში შეჰყავს და 2012 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ცესკოსა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას გადასცემს.”- აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხს დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, "ხელისუფლება ცდილობს, საარჩევნო სიებში ემიგრანტების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანოს და მათი სახელით და გვარებით არჩევნებში მანიპულირება მოახდინოს”. ფანჯიკიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ 1 ოქტომბერი სამუშაო დღეა, ამ დღეს საზღვარგარეთ მყოფთათვის არჩევნებში ხმის მიცემა რთული იქნება.





