8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ჭირისუფლები დილიდან იკრიბებიან. შეგასხენებთ, რომ ამ სასაფლაოზე 43 ქართველი ჯარისკაცია დაკრძალული.
მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასაფლაოზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად მივიდა საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. დილას კი დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი ქალაქ გორში. გორის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღსრულდება, რომლის შემდეგ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრებიან.
სოფელ შინდისში, გორის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებენ. საღამოს კი, გორის ცენტრალურ მოედანზე სანთლების აქცია გაიმართება.
ომში დაღუპულთა ობელისკს ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ქალაქ ფოთშიც შეამკობენ. აქვე გაიმართება სამგლოვიარო მიტინგი, რომელზეც დაღუპულებს გაიხსენებენ.




