ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა

შმულევიჩი თბილისს სირიაში მყოფი კავკასიელების დახმარებისკენ მოუწოდებს

ისრაელელი პოლიტოლოგი, ჩერქეზთა კავშირის მრჩეველი და აღმოსავლეთის პარტნიორობს ინსტიტუტის პრეზიდენტი აბრაამ შმულევიჩი საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას სირიაში მყოფი კავკასიელების დახმარებისკენ მოუწოდებს.

თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ ღია წერილში შმულევიჩი აღნიშნავს, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტს უკვე 16 ათასამდე ადამიანი შეეწირა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი კავკასიის ომის დროს რუსეთის მიერ სამშობლოდან გაძევებული ჩრდილოკავკასიელების შთამომავლები აღმოჩნდნენ. მათ უდიდეს ნაწილს ჩერქეზები შეადგენენ, მათ შორის ასევე არიან აფხაზები, ოსები, დაღესტნელები და ვაინახები.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ ხალხების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის თხოვნით. თუმცა, ბუნდოვანი დაპირებების გარდა მოსკოვისგან პასუხად არაფერი მიუღიათ. „დღეს სავსებით ნათელია, რომ მოსკოვმა ჩრდილოკავკასიელ დევნილთა შთამომავლები ბედის ანაბარა მიატოვა“, - აღნიშნავს შმულევიჩი.

ამასთან დაკავშირებით იგი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გამოიჩინონ თანაგრძნობა და სახელმწიფოებრივი სიბრძნე და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მდგარი კავკასიელების მიმართ გულგრილნი არ დარჩნენ.

ექსპერტის აზრით, „საქართველოს შეუძლია გამოიყენოს თავისი საერთაშორისო ავტორიტეტი კავკასიელთა პრობლემებისადმი მსოფლიოს ყურადღების მისაპყრობად. დასვას მათი გადარჩენისა და ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციისთვის საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობის საკითხი“. ასევე, მიაპყროს ამ ადამიანების გაჭირვების მიმართ მეზობელ ქვეყნების - თურქეთის, ლიბანის, ისრაელის ყურადღება, ზემოქმედება მოახდინოს ირანზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე და თავის მოკავშირეებზე დასავლეთში. „ასეთი ფართო საერთაშორისო კამპანია კრემლს აიძულებს დაფიქრდეს საკუთარ ჰუმანიტარულ ვალდებულებებზე“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

შმულევიჩი ასევე თბილისს ურჩევს საერთაშორისო არხებით იმოქმედოს ასადის რეჟიმზე, რათა ჰუმანიტარული დერეფნებისა და ავიარეისების გახსნა აიძულოს. გარდა ამისა, მისი აზრით, საქართველოს შეუძლია გაერო-ს სტრუქტურებს მიმართოს დევნილების მიღების სპეციალური პუნქტების გახსნის მიზნით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე და ამ ხალხების წარმომადგენელთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას შეუწყოს ხელი. მაგალითისთვის ექსპერტს კვიპროსის მთავრობის გადაწყვეტილება მოჰყავს, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სირიიდან ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების 200 ათასამდე მოქალაქეს მიიღებს.

„კავკასიის შვილები, რომლებმაც სამშობლო დაკარგეს, უცხო ქვეყანაში იღუპებიან. მაგრამ კავკასიელებს ერთმანეთი არასდროს მიუტოვებიათ. საქართველომ კავკასიური სოლიდარობის უწინდელი სტანდარტები უნდა აღადგინოს“, - მოუწოდებს თბილისს შმულევიჩი.

 

კომენტარები