კინო

კრისტოფერ ნოლანის სამი აქტი

კრისტოფერ ნოლანი

კრისტოფერ ნოლანი
ნებისმიერი ილუზიონისტის ნომერი სამი აქტისაგან შედგება. პირველ ნაწილს ეწოდება „დაპირება”. ილუზიონისტი რაღაც ჩვეულებრივს გიჩვენებს: ბანქოს დასტას, ჩიტს ან ადამიანს. შეიძლება გთხოვოს შეამოწმო, ნამდვილია თუ არა ეს საგანი, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ნამდვილი არაა.

კრისტოფერ ნოლანი სცენაზე 1998 წელს გამოჩნდა. „დევნა” – ასე ჰქვია მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს, რომელიც ბრიტანელი რეჟისორის „დაპირებად” შეგვიძლია მივიჩნიოთ. მას 6 000 დოლარი დასჭირდა შავ-თეთრი ინდი ფილმის გადასაღებად და საკუთარი რეჟისორული სტილის ჩამოყალიბების დასაწყებად, რომლისთვისაც არასოდეს უღალატია. ნოლანმა თავისი საფირმო ნიშნებით მაყურებლის მანიპულირება სწორედ „დევნაში” დაიწყო. ის ისტორიის მოყოლას უმეტესად შუიდან ან ბოლოდან იწყებს, მთელ ამბავს ორი მთავარი პერსონაჟის გარშემო აგებს და დასასრული ხშირად ბუნდოვანი და მოულოდნელია. პირველი ფილმი ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი გახდა.

„დევნამ” რეჟისორს პოპულარობა და სახელი ვერ მოუტანა, სამაგიეროდ აშოვნინა სამი მილიონი, რომელიც მას მორიგი პროექტის დასაწყებად სჭირდებოდა. მორიგი ფილმი, მისი ძმის, ჯონათან ნოლანის მოთხრობის, „მემენტო მორის”, ეკრანიზაცია გახდა. “მემენტო” ლეონარდ შელბის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც

ბნელი რაინდი
იშვიათი დაავადება სჭირს და არაფერი ახლის დამახსოვრება არ შეუძლია. უკანასკნელი, რაც მას ახსოვს, არის ცოლის სიკვდილი და ის, რომ მკვლელი უნდა იპოვოს. ნოლანი პროტაგონისტის საშუალებით ორ სხვადასხვა ისტორიას ჰყვება, რომლებიც თავსატეხის ნაწილებია და ფილმის ფინალში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. იმდენად კარგად, რომ ლეონარდ შელბი რეჟისორის უმნიშვნელოვანეს “კინო-ტატუდ” იქცა, “მემენტო” კი პოლაროიდით გადაღებულ ყველაზე მნიშვნელოვან სურათად. ფილმის წარმატებამ ნოლანს მსხვილი კინოკომპანიებისკენ გაუხსნა გზა – იქ, სადაც მას კომიქსის ეკრანიზაცია, საოცარი მეტამორფოზა ელოდა.

ილუზიონისტის ნომრის მეორე აქტს ეწოდება “გადაქცევა”. ის იღებს ჩვეულებრივ ნივთს და აკეთებს რაიმე ექსტრაორდინარულს. ახლა შენ საიდუმლო გაინტერესებს... მაგრამ ვერ მიაგნებ, იმიტომ რომ სინამდვილეში მას არც ეძებ. შენ არ გინდა, რომ იცოდე. შენ გინდა, რომ გაგასულელონ. მაგრამ ტაშს ჯერ არ უკრავ. გააქრო რაღაც, საკმარისი არ არის. შენ ის უკან უნდა დააბრუნო.

“უძილობის” შემდეგ ნოლანი ჰოვარდ ჰიუზზე ფილმის გადაღებას აპირებდა, თუმცა გაირკვა, რომ მსგავს

ბნელი რაინდის აღზევება
პროექტზე მარტინ სკორსეზე მუშაობდა („ავიატორი”) და ნოლანმა ბიოპიკის გადაღებაზე უარი თქვა. სწორედ ამ დროს მას ბეტმენზე ფილმის გადაღება შესთავაზეს. ნოლანიც დათანხმდა Warner Brothers-ის შეთავაზებას და დაიწყო თავისი გამოსვლის მეორე აქტი – “გადაქცევა”.

ნოლანს სასწაული უნდა მოეხდინა, რადგან ადამიან ღამურაზე წინა ფილმი ოქროს ჟოლოს ტრიუმფატორი გახდა და წლის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმის წოდება დაიმსახურა. ბრიტანელმა რეჟისორმა გადაწყვიტა მაქსიმალურად რეალისტური სურათის შექმნა, უარი თქვა ფენტეზის ელემენტებზე და შეეცადა გოთემი Blade Runner-ისეული ლოს ანჯელესისთვის დაემსგავსებინა, რაც გასაკვირი არ არის. ნოლანი ყოველთვის აღნიშნავს, რომ რიდლი სკოტის ადრეულმა ფილმებმა მასზე უდიდესი გავლენა იქონია. სცენარზე რეჟისორი თავის ძმასთან და დევიდ გოიერთან ერთად მუშაობდა და შედეგად “ბეტმენის დასაწყისი” მორიგი სტანდარტული კომიქსის ეკრანიზაცია კი არა, კრიმინალური დრამა გამოვიდა – პირქუში ატმოსფეროთი და ფრენკ მილერის კომიქსების სულით.

რეჟისორმა აიღო სტანდარტული სუპერგმირის ისტორია და ექსტრაორდინარულად აქცია, დაახლოებით ისე, როგორც ფილმ “პრესტიჟის” შემთხვევაში მოიქცა. ალფრედ ბორდენისა და რობერტ ენჯის მაგიური ისტორიით, ნოლანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჰოლივუდის “მძიმე არტილერიაში” შესასვლელად. “ბეტმენი დასაწყისი” იმ ტრიუკის დასაწყისი აღმოჩნდა, რომლის გასაგრძელებლად, ნოლანს აუცილებლად

დევნა
სჭირდებოდა ძლიერი გმირი. “ბნელი რაინდის” მთავარი ვილანი გახდა ჯოკერი, პერსონაჟი, რომლის როლსაც ბარტონის “ბეტმენში” ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს და რომელიც, ერთი შეხედვით, არ ჯდებოდა ნოლანის სტილში. თუმცა გმირს, რომელიც ჰიტ ლეჯერმა შექმნა, არანაირი საერთო არ აქვს ნიკოლსონის ჯოკერთან.

2008 წელს ნოლანის სრულყოფილი კრიმინალური დრამა გამოვიდა. მან შექმნა ილუზია, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს რეალობას. ჯოკერის “არასერიოზული” პერსონაჟი წლის ყველაზე სერიოზულ პერფორმანსად იქცა. ნოლანს ერთი ნაბიჯიღა აკლდა კარიერის მესამე აქტის დასაწყებად, მაყურებლისგან “პრესტიჟის” მოსაპოვებლად. საჭირო იყო რაღაც უფრო გრანდიოზული.

როდესაც რამეს გააქრობ, ის უკან უნდა დააბრუნო. ამიტომ აქვს ყველა ჯადოსნურ ხრიკს მესამე აქტი, ურთულესი ნაწილი, რომელსაც “პრესტიჟს” ეძახიან.

“ბნელი რაინდი” კინოგაქირავებაში ძალიან წარმატებული გამოდგა და მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა, რამაც Warner Brothers-ის ბოსებს მორიგი ფილმი მოანდომა. პროდიუსერებმა კრისტოფერისგან უცნაური შეთავაზება მიიღეს – იმ შემთხვევაში, თუ Warner Brothers-ს სურდა, რომ მესამე და დასკვნითი ფილმი მას გადაეღო, მაშინ ნოლანის საიდუმლო პროექტი 160 მილიონით უნდა დაეფინანსებინათ. პროდიუსერებს ისე უნდოდათ, რომ ნოლანს კიდევ ერთი ბეტმენი გადაეღო, სასწრაფოდ დათანხმდნენ ფული ჩაედოთ ისეთ პროექტში, რომლის კომერციულ წარმატებაზეც მხოლოდ მკითხაობა თუ შეიძლებოდა.

მემენტო
ცოტა “მატრიცა”, ცოტაც სატეში კონის “პაპრიკა”, დიდი დოზით ნოლანის ფანტაზიები და იდეები საკმარისი გამოდგა მაყურებლის გონებაში ახალი იდეების “დასაწყებად”, კითხვების გასაჩენად, რომლებიც ფილმის დასრულებისთანავე თქვენს ტვინს ღრღნიან და პასუხის ძიებაში არ გასვენებენ. ნოლანმა “დასაწყისი” გადაიღო, ფილმი, რომელიც რეჟისორის “ნომრის” მესამე აქტად იქცა.

თვის ბოლოს ნოლანის კიდევ ერთი გრანდიოზული ნომერი, “ბნელი რაინდის დაბრუნება”, ბეტმენის ტრილოგიის დასკვნითი ფილმი გამოვა. რეჟისორმა თქვა, რომ ამ პროექტით ის ადამიანი ღამურას ისტორიას ასრულებს და უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ნოლანი „დაპირებას” ყოველთვის ასრულებს. მისი ფილმები საგნებია, რომელსაც ნოლანი გვიჩვენებს. პერსონაჟები, რომელსაც აქრობს, შემდეგ თავიდან აბრუნებს. ის “გადაქცევის” ოსტატია, სიუჟეტს ხლართავს, შემდეგ ამარტივებს, თქვენ კი მაინც ვერ ხვდებით, რა მოხდა. უბრალოდ მოგწონთ, რომ ვერ ხვდებით, ამიტომაც დგებით ფეხზე და ტაშს უკრავთ მას, კრისტოფერ ნოლანს, კაცს, რომელმაც თქვენი “პრესტიჟი” დაიმსახურა.

 

კომენტარები