გამოცდები 2012

გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები

აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ელიან. საგამოცდო ციებ-ცხელება 18 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს. წელს საქართველოში 37 ათასი სკოლადამთავრებული, უმაღლეს სასწავლებლებში 33 ათასი თავისუფალი ადგილის დასაკავებლად გამოცდის საკუთარ შესაძლებლობებს – რეგისტრაცია უკვე დასრულდა და სამინისტრო საგამოცდო ბარათებს გასცემს. ჩაბარების მსურველებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, შვიდის ნაცვლად ოცი უნივერსიტეტი აერჩიათ და განაცხადის შეტანაც ერთი უნივერსიტეტის რამდენიმე ფაკულტეტზე იყო შესაძლებელი.

აპლიკაციებისა და უნივერსიტეტებში თავისუფალი ადგილების რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომელი უნივერსიტეტი სარგებლობდა ყველაზე დიდი პოპულარობით. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალისა” და საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ერთ საკონკურსო ადგილზე, 84 და 82 აპლიკაცია შევიდა. პირველმა 90 თავისუფალ ადგილზე 7 620 აპლიკაცია მიიზიდა, ხოლო მეორემ 200 ადგილზე – 16 533.

ეს მაშინ, როცა, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც ყველაზე მეტ, 5006 თავისუფალ ადგილზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული, ერთ ადგილზე 18 აპლიკაცია მიიზიდა – საერთო ჯამში, 54 541. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ერთი ადგილისთვის 45 აპლიკაცია მოდის. თავისუფალ უნივერსიტეტში კი საშუალოდ ჩვიდმეტი აპლიკაცია შევიდა. შედეგების მიხედვით, იგივე სურათი გვაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც აბიტურიენტებმა ერთ ადგილზე 19 განაცხადი შეიტანეს. ერთი ნიშნულით მაღალი შედეგი აჩვენა საპატრიარქოს სხვა – ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტმა, რომლის ერთ თავისუფალ ადგილზეც 20 განაცხადი შევიდა. ეკლესიის მიერ დაარსებულმა მესამე, თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა მხოლოდ 13 აპლიკაცია მიიზიდა.

აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან, გამოცხადებულ თავისუფალ ადგილებზე კონკურსი არ იქნება სსიპ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯსა და ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯში. პირველში ჩაბარების სურვილი ადგილების რაოდენობაზე შვიდით ნაკლებმა, 36-მა ადამიანმა გამოთქვა, ხოლო მეორეში 396 ადგილზე, ასით ნაკლები განაცხადი შევიდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, წელს აბიტურიენტებს შორის ყველაზე პოპულარულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სა¬ინ-ჟინრო და ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებები. მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ გაზეთ 24 საათს განუცხადა: „წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციულ და საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტებზე ერთ ადგილზე 55 მსურველი მოდის. დიდი მოთხოვნაა ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტებზეც – ერთ ადგილზე 7-14 აბიტურიენტი. ასევე პოპულარულია IT ტექნოლოგიები. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია”.

გასულ წელს ამ მიმართულების საგნების შესწავლა სამინისტრომ პრიორიტეტად გამოაცხადა და 50% და 70%-იანი გრანტის აღება მხოლოდ ამ საგნების შესწავლის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების შესწავლის მსურველებს ან 100%-იანი გრანტისთვის უნდა ებრძოლათ, ან სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩენილიყვნენ. ამასთან, წელს პირველად, აბიტურიენტების უმრავლესობამ (73%) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისთვის ინგლისური ენა აირჩია, რუსული – 17-მა პროცენტმა, გერმა-ნულ ენაზე არჩევანი – 7-მა პროცენტმა, ფრანგულზე კი ეს მაჩვენებელი 3 პროცენტია.

შარშან საუკეთესო მაჩვენებლის აბიტურიენტებიდან ყველაზე მეტი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა (საშუალო ქულა 2165,58). შემდეგ მოდის უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი” (საშუალო ქულა 2104,86), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2051.70) და კავკასიის უნივერსიტეტი (1972,74)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2009-10 წლებში უცხოელ სტუდენტთა საერთო რაოდენობა საქართველოში 832 იყო, აქედან 55% სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდა, ხოლო დანარჩენი – კერძოში. 2011 წელს მათი რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. არ არსებობს ზუსტი მონაცემები 2011-12 სასწავლო წელთან დაკავშირებით, თუმცა როგორც The FINANCIAL უნივერსიტეტებზე დაყრდნობით წერს, მათი რაოდენობა შესაძლოა წელს კიდევ უფრო გაიზარდოს. ცნობილია, რომ უცხოელ სტუდენტთა ყველაზე დიდი რაოდენობა, ერთი მეხუთედი, სამედიცინო უნივერსიტეტს ჰყავს. უმეტესობა ინდოეთიდან, შრი-ლანკიდან და ნიგერიიდან არიან. ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება აზიელი და აფრიკელი სტუდენტების რაოდენობას.

 

 

 

კომენტარები