საქართველო-აშშ

სამხედრო თანამშრომლობის "პრინციპულად ახალი პერსპექტივები"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენ დავესწარით სანაპირო დაცვის კატარღის გაშვებას. ჩვენ ეს კატარღა გავარემონტეთ ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს, რომ თავი დაიცვას ტერორიზმის საფრთხისგან, ნარკოტიკებისა და ადამიანების ტრეფიკინგისგან", – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, დღესვე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ავღანეთში არსებული ოპერაციების მიმართ, რომელიც ასევე მოიცავს დაპირებას, მხარი დაუჭიროს ავღანეთის ეროვნულ უსაფრთხოებას 2014 წლის გარდამავალი პერიოდის შემდეგ. კლინტონის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები მამაცურად იბრძვიან ამერიკული ჯარების გვერდით და ამერიკა აფასებს მათ თავდადებას. 

კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთში და ახლა იგზავნება მეორე ბატალიონი, რომელიც იქნება ნატოს არაწევრი ქვეყნებისგან ყველაზე დიდი წვლილის შემტანი.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ შევთანხმდით თავდაცვის თანამშრომლობის რამდენიმე საკითხზე. აშშ ტრენინგს უტარებს ქართულ თავდაცვის ძალებს, რათა მათ უკეთესად გაუწიონ მონიტორინგი სანაპირო ზოლს და საჰაერო სივრცეს. ჩვენ მოდერნიზებას გავუწევთ ვერტმფრენის ფლოტს, რომ უფრო ადვილად გააკეთოს ტრანსპორტირება. ვაგზავნით ხალხს, მარაგს", – განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველო იქნება ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი გაუმჯობესებული თავდაცის შესაძლებლობებისთვის.

აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პრინციპულად ახალი პერსპექტივები განისაზღვრა , - ამის შესახებ, ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხარშილაძის განმარტებით, ამერიკა დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის განვითარებაში, რაც გულისხმობს ისეთ სფეროებს, როგორიც არის საჰაერო სივრცის კონტროლი, ვერტმფრენების შესაძლებლობების განვითარება, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება და ქართული ქვედანაყოფების მომზადება თავდაცვითი ოპერაციების ჩატარების მიზნით.

როგორც ნოდარ ხარშილაძემ განმარტა, უკვე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები და ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის აყვანა მაღალ ეფექტურ დონეზე მოხდება.

 

კომენტარები