რელიგია

ათონის მთა სეპარატისტულ ვნებებში ჩაიძირა

დღეს, 14 მაისს, ათონის სამონაზვნო რესპუბლიკის საგანგებო ოცწევრიანი ყრილობა საბერძნეთის მიერ შემოღებულ საგადასახადო კანონმდებლობაზე წმინდა მთის რეაქციას განიხილავს, რომელიც, მონასტრების განცხადებით, მათ ბიუჯეტს ზიანს აყენებს.

უფრო ადრე, 30 აპრილს, იმავე საგანგებო ოცწევრიანმა კრებამ, რომელიც სამონასტრო თვითმმართველობის უმაღლესი მმართველი ორგანოა და ოცი მონასტრის წარმომადგენლისგან შედგება, საბერძნეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა. უპოვრების აღთქმაში მყოფი მონაზვნები იმუქრებიან, რომ თუ 15 მაისამდე საბერძნეთის ხელისუფლება მათ საგადასახადო უპირატესობებს არ დაუწესებს, ისინი გაყინავენ ოფიციალურ ურთიერთობას ათენთან და შესაძლოა, სუვერენიტეტიც გამოაცხადონ.

საქმე ეხება არა ათონის მთის ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო ქონების დაბეგვრას, რომელიც ისედაც სარგებლობს საგადასახადო უპირატესობებით - არამედ მოცემული ტერიტორიის მიღმა, მონასტრის საკუთრებაში მყოფი მაღაზიების, სახლებისა და მომლოცველთა სახლებისთვის ბეგარის შემცირებას. ათენმა გაუუქმა საგადასახადო შეღავათები ჩამოთვლილ ქონებას, რამაც ჯერ კიდევ წინა წელს კონფლიქტი წარმოშვა.

საბერძნეთის მთავრობას წაყენებულ ულტიმატუმზე პასუხი ჯერ არ გაუცია. პირველად მსგავსი მუქარა შარშან გაისმა. მაშინ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად (რომლის იურისდიქციაშიც ათონის მთა შედის), ათონზე სტუმრად მყოფი საბერძნეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გეორგიუს პაპანდრეუსი მონაზვნებს საგადასახადო უპირატესობების საკითხის განხილვას დაჰპირდა. პარალელურად გავრცელდა ხმები, რომ მონასტრები მოცემული საკითხის გადასაწყვეტად მოსკოვისა და პირადად ვლადიმერ პუტინის ჩარევას აპირებდნენ, რამაც ათენი ღალატზე აალაპარაკა. ეს მოსაზრებები ნაწილობრივ დადასტურდა.

ათენთან კავშირის გაწყვეტის რადიკალი მომხრეები მოუწოდებენ მონასტრებს, გააძევონ წმინდა მთის ტერიტორიიდან ათონის სამოქალაქო გუბერნატორი. უფრო შემრიგებლური პოზიცია კი იმ ქვეყნების დიპლომატიური ბერკეტის გამოყენებას ემხრობა, რომელთა მონასტრებიც მთაზე მდებარეობს - კერძოდ რუსეთის, სერბეთისა და ბულგარეთის. საგანგებო კრებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს სლავურ ქვეყნებს ”მორალური და მატერიალური მხარდაჭერისთვის”. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, არა მხოლოდ საბერძნეთთან წმინდა მთის ურთიერთობები დაძაბოს, არამედ კონფლიქტი წარმოშვას კონსტანტინეპოლის დედა საპატრიარქოსთან, რომელიც მწვავედ რეაგირებს სლავურ ქვეყნებთან ათონის მთის ნებისმიერ კავშირზე.

დროდადრო ათონის მთის პრორუსული მიმართულება მოსკოვსა და კონსტანტინეპოლში მჯდომ პატრიარქს შორის დიპლომატიურ სკანდალს იწვევდა. ახლა კი ათონის მონასტრების იღუმენები და არქიმანდრიტები დახმარებას პირდაპირ მოსკოვისგან, ბელგრადისგან და სოფიასგან ითხოვენ.

არავინ იცის, რა შეიძლება მოყვეს ბერ-მონაზვნების საკმაოდ მძიმე მუქარას. გაურკვეველია, რა ნაბიჯებს გადადგამს ათონის სამონასტრო რესპუბლიკა, რომელიც საბერძნეთის თვითმმართველი ერთეულია. შესაძლოა, სეპარატისტული განცხადებები მას მძიმედ შემოუბრუნდეს.

 

კომენტარები