პარლამენტი

პარლამენტს საზეიმო და საიუბილეო სხდომების გამართვის უფლება ენიჭება

შესაბამისი ცვლილება პარლამენტის ახალ უფლებასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლემენტში შედის.

რეგლამენტს სპეციალური 130 პრიმა მუხლი ემატება, რომელიც ასეთი სხდომის გამართვას არეგულირებს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტს ეძლევა უფლება გამართოს საზეიმო და/ან საიუბილეო სხდომა.

პროექტის თანახმად, საზეიმო თუ საიუბილეო სხდომა ტარდება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან და ფაქტთან დაკავშირებით, მის შემდეგ კი სხდომა დაიხურება. საზეიმო და/ან საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარე წარუძღვება. აუცილებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლება აღნიშნული უფლება ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს გადასცეს.

პროექტით ასევე დგინდება, რომ საზეიმო თუ საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.

საზეიმო და საიუბილეო სხდომის ჩატარების გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიურო მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

კომენტარები