პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე სამხედრო რეზერვის კონფეციის პროექტი განიხილეს. ის აყალიბებს ხედვას რეზერვის მოწყობასთან დაკავშირებით და ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათშორის კომისიაშია მომზადებული.
კონცეფციის პროექტის თანახმად რეზერვი პირობითად 2 ნაწილად იყოფა : სახმელეთო ჯარების რეზერვად, რომლის მართვის სისტემა მიბმულია სახმელეთო ჯარებზე და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვად, რომლის მომზადებასა და მართვასაც ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი ახორციელებს.
დეპუტატებს კონცეფციის პროექტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ წარუდგინა და განმარტა თუ რა პრინციპებს ეფუძნება რეზერვის სისტემის განვითარების ხედვა, ესაა : სიმარტივე, მოქნილობა, ხარისხი, ეკონომიურობა, დეცენტრალიზებული მართვა, ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასთან რეზერვისა და სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობის შესახებ.
"კონცეფციის შემუშავება განპირობებულია იმ ახალი რეალობებით ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში, რაც შეიქმნა 2008 წლის შემდეგ. უნდა აღვნიშნოთ, რომ რეზერვის კონცეფციას ასევე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გარდა უშუალო პრაქტიკული მნიშვნლობისა, რეზერვის სისტემა ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და შეიარაღებულ ძალებს, რომ იყვნენ დაახლოებული და ასევე ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას ზუსტად ჰქონდეს გაგებული ის ამოცანები და ის საფრთხეები, რაც ქვეყნის წინაშეა", – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ კი განმარტა, რომ ახალ კონცეფციაზე მუშაობისას რეზერვის სისტემაში ახალი ელემენტის–ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის დამატების იდეა გაჩნდა. "ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა საკმაოდ მისაღები საქართველოსთვის გამომდინარე იმ ტოტალური თავდაცვის პრინციპიდან, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში",– აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის ელემენტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება, რომელიც მოგვიანებით ჩატარდა კიდეც.
კონცეფციის პროექტის განხილვისას აღინიშნა, რომ ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროექტების განხორციელებაზე, წლევანდელი თავდაცვის ბიუჯეტის 0.9%, დაახლოებით, 6 მლნ ლარამდე უკვე დახარჯულია და აღნიშნულ პროექტებში ამ ეტაპზე 13 ათასზე მეტი ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვისტია გაწვრთნილი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საპილოტე პროგრამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და მიუხედავად ამისა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ“ გააკეთა „პროვოკაციული და ინსინუაციური“ განცხადება. ( იგულისხმება ხელისუფლების დადანაშაულება სამეგრელოს რეგიონში „არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების“ შექმნაში. ალასანია აცხადებს, რომ მისმა განცხადება პრევენციის მხრივ შედეგი გამოიღო )
"პოლიტიკურად ალასანიას განცხადება იყო სიბეცე, ხოლო ქვეყანასთან მიმართებაში - მავნებლობა", – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრები. აღინიშნა, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, მასზე მსჯელობა ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში გაგრძელდება, რადგან კონცეფცია ნატო–ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.




