პარლამენტი

დეპუტატები თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტს განიხილავენ

დღეს საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტს განიხილავენ.

ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისიის მიერ მომზადებული პროექტი ქვეყნის თავდაცვის რეზერვის მიზანს და მნიშვნელობას განსაზღვრავს, აყალიბებს რეზერვის პოლიტიკის შესახებ სახელმწიფოს ხედვას

კონცეფციის პროექტი ითვალისწინებს ისეთი დოკუმენტების ანალიზს როგორიცაა:  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და ეროვნული სამხედრო სტრატეგია. პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზი და დასკვნები, ამასთან ნატო-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება.

საქართველოს პრიორიტეტს წარმოადგენს რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ომის შემთხვევაში შესძლებს შეასრულოს ქვეყნის ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვისათვის საჭირო ამოცანები, ხოლო ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს დახმარება აღმოუჩინოს სამოქალაქო ხელისუფლებას, აღნიშნულია პარლამენტში განსახილველი დოკუმენტის პროექტში. იქვე ხაზგასმულია, რომ რეზერვის ეფექტური სისტემის დანერგვისთვის დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მჭიდრო ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდისა და რეზერვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 კონცეფციის დამტკიცების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს მასზე დაყრდნობით, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიას და დოქტრინას შეიმუშავებს.

 

კომენტარები