ივანიშვილი პოლიტიკაში

„ბაღდადის ჯიმი“: ივანიშვილის შესაძლო ლობისტი

დემოკრატმა კონგრესმენმა ვაშინგტონის შტატიდან, ჯიმ მაკდორმეტმა საკანონმდებლო ორგანოში შემოიტანა ’საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიის აქტი 2012’. კანონ-პროექტი წინადადებით გამოდის საქართველოს ყველანაირი (მათ შორის სამხედრო) დახმარება შეუწყდეს, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულად არ ცნობს. ანგარიშში ყველაზე მოულოდნელი ბიძინა ივანიშვილზე ყურადღების გამახვილებაა. ცხრა-გვერდიან დოკუმენტში იგი 13-ჯერ იხსენიება, მაშინ როდესაც სხვა პოლიტიკოსები - არცერთხელ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, ანგარიში ’მთავრობაზე გაზრდილ დიქტატორულ კონტროლს’ და რამდენჯერმე სიტყვა ’რეჟიმს’ ახსენებს. ამან საერთაშორისო მიმომხილველ ჯოშუა კუჩერას გაუჩინა ეჭვები, რომ კონგრესში შემოტანილი აქტი ივანიშვილის ვაშინგტონში აქტიური ლობისტური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი და შედეგია.

კონგრესმენი ჯიმ მაკდორმეტი საქართველოს საკითხში ან ზოგადად,  საგარეო პოლიტიკის კუთხით, განსაკუთრებული აქტივობით არ გამოირჩევა. იგი დემოკრატიული პარტიის პროგრესულ ფრთას მიეკუთვნება და მისი საქმიანობა უმეტესად შიდა კანონმდებლობისკენ არის მიმართული. ჯიმ მაკდორმეტისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მას მესამე მხარის ინტერესების წარმოდგენაში ამხელენ. 2002 წლის ნოემბერში მაკდორმეტი და წარმომადგენელთა პალატის სამი დემოკრატი წევრი ერაყში ჩავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა. ერაყში ომის დაწყების წინ კონგრესმენები ქვეყანაზე დაწესებული სანქციების გამო პრეზიდენტ ბუშს აკრიტიკებდნენ. ვიზიტის შემდეგ ოპონენტებმა მაკდორმეტს ’ბაღდადის ჯიმი’ შეარქვეს. მაკდერმოტის გადაწყვეტილება საკუთარი პარტიის შიგნითაც მოწონებით არ შეხვედრიან.

2008 წლის მაისში, ფედერალური გამოძიების შედეგად, გამოირკვა, რომ ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტი სადამ ჰუსეუნის სადაზვერვო სამსახურის მიერ იყო ფარულად დაფინანსებული. ვიზიტი ერაყში დაბადებულმა აშშ-ის მოქალაქემ მუჰამედ ალ-ჰანუტიმ მოაწყო, რომელიც დეტროიტში ისლამური საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. გამოძიების მიხედვით, სადამის დაზვერვა კონგრესმენების მეშვეობით სანქციების შემსუბუქებას იმედოვნებდა. კონგრესმენებმა ამ ფაქტის ცოდნის შესახებ უარყვეს. მოგვიანებით,  2008 წელს მაკდორმეტი პრეზიდენტ ბუშის იმპიჩმენტის წამოწყებას უშედეგოდ შეეცადა.

მაკდორმეტი ერთადერთი კანონმდებელი არაა, რომელიც უკანასკნელ ხანებში საქართველოს საშინაო პოლიტიკით დაინტერესდა. 21 მარტს საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის რიჩარდ ნორლუნდის ნომინაციის მოსმენისას, რამდენიმე სენატორმა იგივე საკითხი წამოჭრა. დემოკრატი სენატორის ბენ კარდინის კითხვებზე გაცემისას, ნორლუნდმა პირდაპირ დაუკავშირა საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოწყობა და აშშ-ის მხარდაჭერა ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის მიმართ. კონგრესის დაინტერესება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ ვაშინგტონში ივანიშვილის და ’ქართული ოცნების’ ლობისტური კამპანიის ამოქმედებას ემთხვევა. ამ უკანასკნელს კოლუმბიის ოლქში მოქმედი გავლენიანი ლობისტური იურიდიული ფირმა Patton Boggs ხელმძღვანელობს.

 

კომენტარები