ამერიკა

ამერიკის აზიური რეორიენტაცია

ამერიკის საგარეო პოლიტიკა გარდაქმნის პროცესშია, მისი ფოკუსი თანდათანობით ახლო აღმოსავლეთიდან შორეულში ინაცვლებს. ნოემბერი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის გარდამტეხ თვედ შეიძლება იქცეს, აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა აქ უმნიშვნელოვანესი ტურნე მოაწყვეს. ბარაკ ობამამ სტრატეგიული გადაწყვეტილება გამოაცხადა. აშშ „უფრო დიდ და გრძელვადიან როლს” ითამაშებს მომავალი აზიის ბედის განსაზღვრაში. ამგვარ ვალდებულებას ორგვარი, უსაფრთხოების და ეკონომიკური მხარე აქვს და ჩინეთის აღმავლობის შეკავებისკენ არის მიმართული.

უსაფრთხოების მხარე

17 ნოემბერს, კანბერაში, ავსტრალიის პარლამენტის წინაშე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა დაბრუნდა. მან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის მისიები პრიორიტეტად დაასახელა, რომელსაც თავდაცვის ხარჯების შემცირება არ შეეხება. ობამამ და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა გამოაცხადეს, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ ავსტრალიაში მდებარე ქალაქ დარვინში 250 ამერიკელი საზღვაო ქვეითი განთავსდება, რომელთა რიცხვი 2,500-მდე მოიმატებს. შეთანხმება შეიცავს ავსტრალიური ბაზების მეტ მისაწვდომობას ამერიკული ავიაციისა და ფლოტისთვის, ასევე – ინტენსიურ საერთო წვრთნებსა და მზადებას. დარვინის გეგმა ობამამ 1951 წელს ხელმოწერილი ANZUS-ის სამხედრო პარტნიორობის ხელშეკრულების გაგრძელებით ახსნა. ამგვარი კავშირი რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო არსებობის საპასუხოდაა განკუთვნილი.

ამერიკელთა ხედვით, ავსტრალიური მორიგება სხვა მოკავშირეებთან მეტი თანამშრომლობისთვის მაგალითი გახდება. 16 ნოემბერს, მანილას ყურეში ამერიკული სამხედრო გემიდან ჰილარი კლინტონმა სამხედრო კავშირების განმტკიცებაზე ილაპარაკა. მისი თქმით, აშშ გააუმჯობესებს ურთიერთობებს რეგიონში ხუთ მოკავშირესთან, ესენია: ავსტრალია, იაპონია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაბნეულ კუნძულებში ნავთობისა და გაზის მდიდარი მარაგია, რის გამოც ისინი ჩინეთსა და სამხრეთაზიურ მეზობლებს შორის უთანხმოების საგანს წარმოადგენს. 19 ნოემბერს აღმოსავლეთ აზიის სამიტზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართა, პრეზიდენტმა ობამამ ტერიტორიული დისპუტების ერთობლივად მოგვარების საკითხი წამოსწია. ეს ჩინეთისთვის ერთგვარ გაფრთხილებად გაისმა.

ეკონომიკური მხარე

13 ნოემბერს ჰავაიში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე პრეზიდენტმა ობამამ აზიაში უფრო მეტად ღია და ლიბერალური ვაჭრობის შესახებ ისაუბრა. მან ჩინეთი ამ ხედვის გასაზიარებლად დაპატიჟა, თუმცა, ამასთან, თვალსაჩინო პროტექციონიზმის გამო გააკრიტიკა. ამ სამიტზე იაპონიამ გამოთქვა სურვილი ტრანსპაციფიკური პარტნიორობის (TPP) შეთანხმებაში აშშ-ს და რვა სხვა სახელმწიფოს (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბრუნეი, მალაიზია, სინგაპური, ვიეტნამი, ჩილე, პერუ) შეუერთდეს. TPP უფრო მეტად ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა. ის შექმნის ევროკავშირზე 40%-ით დიდ თავისუფალი ვაჭრობის არეალს. ამასთან, APEC-ის ყველა წევრის შეერთებით პოტენციურად უფრო გაფართოვდება და ამით აზიის გლობალურ ეკონომიკურ დომინანტობას განამტკიცებს. მიმომხილველთა თქმით, ეს შეთანხმება აშშ-სა და ჩინეთს შორის „გავლენის მოსაპოვებლად ბრძოლის ველად” იქცა.

ჩინეთი

უკანასკნელ ხანებში ჩინეთის მზარდმა სამხედრო შესაძლებლობებმა, კერძოდ, შორი დისტანციის ბალისტიკურმა რაკეტებმა, აშშ-ის ბაზები იაპონიაში, კორეასა და გუამის კუნძულზე რისკის ქვეშ დააყენა. ავსტრალიაში საზღვაო ქვეითთა განთავსებით, ამერიკა ახალ ოპერაციულ თავშესაფარს მოიპოვებს. ჰილარი კლინტონის თქმით, თეთრს სახლს სურს ავსტრალიასთან ურთიერთობა გააფართოოს „წყნაროკეანურიდან ინდო-წყნაროკეანურ პარტნიორობამდე”. ამით ხაზი ესმება ავსტრალიის სტრატეგიულ უპირატესობას და წყნარი და ინდოეთის ოკეანეთა რეგიონების გაღრმავებულ ინტეგრაციას.

ამერიკის ქმედებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ „ამ რეგიონში სამხედრო ალიანსების გახშირება და გაფართოება მიზანშეწონილი არ არის”. ვაშინგტონთან დაახლოებამ ზოგიერთი ავსტრალიელი ანალიტიკოსი პეკინის განაწყენების საფრთხეზე აალაპარაკა. მათი თქმით, რეგიონში ამერიკის სამხედრო გაძლიერება პოტენციურად სახიფათო ნაბიჯია და ხელს უწყობს ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტრუქტურულად მტრული ურთიერთობების განვითარებას.

აზიური საუკუნე

პოსტცივი ომის საწყის ათწლეულში აშშ-ის ყურადღება უმეტესად ევროპაზე იყო გადატანილი, სადაც NATO-ს გაფართოება და ბალკანური ომები მთავარ საკითხებს წარმოადგენდა. ამ პერიოდის მეორე ფაზა 11 სექტემბრით დაიწყო, რის შემდეგ ამერიკა ტერორიზმთან ომში ჩაება. დღეს, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები ერაყსა და ავღანეთს ტოვებენ, ზესახელმწიფომ ხელახლა აღმოაჩინა აზია. ომიანობის შედარებით ჩაცხრობის შემდეგ, ამერიკას ახალ გლობალურ რეალობებთან მორგება სურს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, მსოფლიოს სტრატეგიული და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. ამ საუკუნის ისტორია სწორედ აზიაში დაიწერება. მისი თქმით, შემდეგ დეკადაში ამერიკული სახელმწიფო მართვის ხელოვნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ მნიშვნელოვნად გააქტიურდება.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის მეტ ჩართულობას ძლიერი არგუმენტები განაპირობებს. მსოფლიოს ეს ნაწილი მთლიანი მოსახლეობის ნახევარს მოიცავს, უდიდესი სამხედრო ძალებით გამოირჩევა და გლობალურ ფართო მოხმარების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. ამერიკული კომპანიები რეგიონში 300 მილიარდი დოლარის საქონელს და მომსახურებას ექსპორტირებენ. ამასთან, აზიური ქვეყნები აშშ-ის ეკონომიკისთვის ინვესტირების აუცილებელი წყაროა. როგორც აღნიშნავენ, მომავალში ამერიკის ეკონომიკური სიჯანსაღე და გლობალური ლიდერობა დამოკიდებულია სახელმწიფოს როლზე მსოფლიოს ამ ყველაზე დინამიკურ რეგიონში.

ობამას საგარეო პოლიტიკის დოქტრინის გამოცემა Newsweek-მა „ნაპირიდან დაშორებული ბალანსირების” (Offshore Balancing) კონცეფციას შეადარა. ამ იდეის თანახმად, ამერიკას უკეთესად შეუძლია თავისი მტრების შეკავება არა მიწაზე დაპირისპირებით, არამედ საზღვაო და საჰაერო ძალების განმტკიცებით. ამასთან ერთად, პატარა ერების გაძლიერებით, რომლებიც დიდ მეზობლებთან შედარებით ამერიკას ბუნებრივ საპირწონედ ხედავენ. ობამას ადმინისტრაციის სტრატეგია იქნება წყნარ ოკეანეში საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და ჩინეთის პერიფერიაზე იმ ერების დახმარება, რომლებსაც მისი ჰეგემონური ამბიციების ეშინია. საერთო საფრთხე ამგვარ სახელმწიფოებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენაც უბიძგებს – მაგალითად ფილიპინები და იაპონია მოჰყავთ.

ამერიკის ამგვარ სტრატეგიას სახელმწიფოს პოლიტიკური სპექტრი სრულად იზიარებს. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი გემთმშენებლობის დონის მომატების პირობას იძლევა, რაც წყნარ ოკეანეში ამერიკის გაზრდილ როლთანაა დაკავშირებული. პოლიტიკურ შეხედულებებში სხვაობის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ XXI საუკუნე მეტწილად აზიური იქნება. ბუნებრივია, რომ ამერიკას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, კვლავ მოვლენათა ეპიცენტრში დარჩეს.

კომენტარები