განახლებული ფორდ შელბი მუსტანგ GT500

ლოს ანჯელესის მოტორ შოუსთვის, ფორდმა და მისმა პარტნიორმა შელბიმ ფორდ შელბი მუსტანგ GT500-ის განახლებული ვერსია მოამზადეს. ავტომობილი გარეგნულად დაიხვეწა, ცვლილებებია მის ინტერიერსა და ტექნიკურ აღჭურვილობაშიც.

რაც მთავარია, მუსტანგის შელბისეულ ვარიანტს ახალი ძრავა აქვს. ესაა მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი 5.8–ლიტრიანი V8, რომელიც 650 ცხენის ძალას ავითარებს. ამგვარად, ამ ძრავის სიმძლავრე 12 და 70 ცხენის ძალით მეტია შევროლეს 6.2-ლიტრიანი კომპრესორიანი ძრავების სიმძლავრეზე, რომლითაც კორვეტ ZR1 და კამარო ZR1 არის აღჭურვილი. უფრო მეტიც, შელბის ახალი მუსტანგის აგრეგატი 80 ცხენის ძალით სჯობნის ფერარი 458 იტალიას 4.5-ლიტრიან V8 ძრავას. ეს მონაცემები ფორდს საშუალებას აძლევს განაცხადოს, რომ მისი V8, ამ არქიტექტურის ძრავებს შორის, ყველაზე მძლავრი სერიული აგრეგატია მსოფლიოში.

ახალ აგრეგატს ახალი, ალუმინის ბლოკი აქვს. მექანიკური დამჭირხნი უფრო დიდი გაბარიტისაა და ეფექტურიც. შეცვლილია გამანაწილებელი ლილვის მუშტების პროფილი, კარდანის ლილვი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა, დაიხვეწა გადაბმის ქურო, ასევე ტრანსმისია და მისი ღერძები. მოდერნიზაცია ჩაუტარდა გაგრილების სისტემას. გადაცემათა 6-საფეხურიან კოლოფში შეიცვალა კბილანების წყვილების გადაცემათა რიცხვები, რომლებიც პირველ საფეხურზე 3.31-ია, მეექვსეზე კი – 1. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გაზრდილი მაბრუნი მომენტის ოპტიმალურად ათვისება.

რა თქმა უნდა, დაიხვეწა ავტომობილის აეროდინამიკა. ყველაფერ ამის წყალობით კი, 250 კმ/სთ სიჩქარეზე, შელბი მუსტანგ GT500-ს გზის საფართან ბორბლების ჩაჭიდება დაახლოებით 33 პროცენტით მეტი აქვს, ვიდრე მის წინა მოდიფიკაციას. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა ლონჩ კონტროლით, რომელიც საბურავებისა და გზის საფარის ტემპერატურასაც კი ითვალისწინებს. დამუხრუჭებას უზრუნველყოფს ბრემბოს წარმოების სისტემა, რომელსაც ყოველ ბორბალზე 6 ცილინდრი ემსახურება. მანქანა წინ 19–დუიმიან, უკან კი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას. ბორბლებზე გუდიარის წარმოების იგლ F1 სუპერქარ G:2 საბურავებია ჩაცმული.

შელბი მყიდველს სპორტ პაკეტსაც შესთავაზებს, რომელშიც ბილშტაინის წარმოების ამორტიზატორები შედის და მას ელექტრონიკა მართავს. ეს ამორტიზატორები ორ – ჩვეულებრივ და სპორტულ რეჟიმში მუშაობს. ამასთან, რეჟიმის არჩევა სპეციალური კლავიშითაა შესაძლებელი. ტრეკ პაკეტში კი შევა ძრავის და ტრანსმისიის გაგრილების დამატებითი სისტემა.

შელბი და ფორდი ავტომობილს ბაზარზე გაისად გამოიტანენ.

კომენტარები