სახალისო მეცნიერება

Ig Nobel Prize 2011

 ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლოს, ჰარვარდის უნივერსიტეტში, მსოფლიოს გამოჩენილი და ჯერაც უცნობი მეცნიერები იკრიბებიან. ისინი მოუთმენლად ელიან, თუ ვის დაასახელებს კომპეტენტური ჟიური წლის ყველაზე უსარგებლო და უაზრო გამოგონებისა თუ სამეცნიერო კვლევის ავტორად. მეცნიერებს სურთ იცოდნენ, ვის ერგება Ig Nobel Prize-ის, ანუ ე.წ. ნობელის ანტიპრემიის ლაურეატობის პატივი. პრემიისა, რომლის ლაურეატობაც ბოლო წლებში უფრო და უფრო საამაყო და სახალისო ხდება. წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ამ პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ათი ნომინაცია იყო წარმოდგენილი: 

• ქიმიაში იაპონელ მეცნიერთა ჯგუფი დააჯილდოვეს ახალი ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო საგანგაშო სისტემის გამოგონებისათვის. მისი ამოქმედებისთანავე შენობაში ისეთი აუტანელი სუნი დგება, რომ ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ ახერხებს დარჩენას. 

• მედიცინაში პრემია გადაეცა ჰოლანდიელი, ბელგიელი და ავსტრალიელი მეცნიერებისგან შემდგარ კვლევით ჯგუფს. მათ დაადგინეს, რომ რაც უფრო სავსეა შარდის ბუშტი, მით უფრო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი კრიტიკულ მომენტში.

• ფსიქოლოგიაში ნორვეგიელმა პროფესორმა, ჰალვორ ტაიგენმა გამოიჩინა თავი – მან  ოხვრა, როგორც ემოციური სიგნალი და ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე მისი ზემოქმედება გამოიკვლია.

• სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ პერიმ, პრემია იმაში დაიმსახურა, რომ პროკრასტინაციის, ანუ საქმეთა სახვალიოდ გადადების, სტრუქტურირებული თეორია შექმნა. ამის მთავარი იდეა ისაა, რომ პროკრასტინაცია სრულებითაც არ ნიშნავს არაფრის კეთებას, ის უბრალოდ მნიშვნელოვანი საქმეების გადავადების მცდელობაა.

• ფიზიოლოგიაში პრემია გადაეცათ ხუთ ევროპელ ახალბედა მეცნიერს, რომლებმაც დაადგინეს, რომ კუებისათვის მთქნარება გადამდები არ არის. ისინი მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ათასობით კუს და ვერანაირი გამღიზიანებელი ფაქტორით ვერ აიძულეს, რომ დაემთქნარებინათ.

• ბიოლოგიაში კანადელი და ამერიკელი ბიოლოგები დააფასეს, ისეთი განსაკუთრებული ჯიშის ხოჭოების აღმოჩენისათვის, რომლებიც გასამრავლებლად ლუდის ცარიელ კათხებს ეტანებიან.

• ფიზიკაში პრემია ფრანგმა მეცნიერებმა მიიღეს. მათ ერთი შეხედვით რიტორიკულ შეკითხვას უპასუხეს – რატომ ესხმით თავბრუ ბადროს მტყორცნელებს და რატომ არასოდეს ემართებათ ეს ჩაქუჩის მსროლელ მძლეოსნებს. 

• მათემატიკაში ამერიკელებმა და კორეელებმა იყოჩაღეს, რომლებმაც სამყაროს აღსასრულის თარიღი გამოთვალეს: 2011 წლის 21 ოქტომბერი. ეს პრემია ჟიურის გადაწყვეტილებით იქნება გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიზუსტე მათემატიკური გამოთვლების წარმოებისას.

• საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში პრემია ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ სენდერსმა მიიღო, რომელმაც გამოიკვლია თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ავტომობილის მართვის დროს ყურადღების გამფანტავ ფაქტორებს და რამდენად საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია საჭესთან ჯდომისას.

• მშვიდობის პრემიის ნომინაციაში კი უპირობო ფავორიტი ვილნიუსის მერი, არტურას ზუოკასი აღმოჩნდა. ის ჯავშან-სატრანსპორტო მანქანაზე ამხედრდა და ყველა იმ ურჩი მძღოლის ძვირადღირებული ავტომობილი დაჭეჭყა, რომლებსაც ვილნიუსის ცენტრში მანქანა სადაც მოესურვებოდათ იქ გაეჩერებინათ.

ორგანიზატორთა განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების წარმოჩენის მიზანი ადამიანების გაცინება არ არის. პრემიის დამაარსებლებს მოსაწყენი და უჟმური მეცნიერის სტერეოტიპის შეცვლა სურთ და, ამასთან, იმის ხაზგასმასაც არ ერიდებიან, რომ მათ მიერ წარმოჩენილი სამეცნიერო კვლევები არა მხოლოდ სახალისო, არამედ სასარგებლოცაა. ეს დადასტურდა კიდეც ანდრე გეიმის შემთხვევაში, რომელმაც ჯერ Ig Nobel-ის პრემია მიიღო 2000 წელს მაგნიტური ველის საშუალებით ბაყაყის ჰაერში გამოკიდებისათვის, შემდეგ კი გრაფენის გამოგონებამ 2010 წლის ნობელის პრემია მოუტანა. ამაღლებულიდან სასაცილომდე ნამდვილად ერთი ნაბიჯია! 

კომენტარები