ფეისბუქის სიახლეები

Timeline

გასულ კვირას მარკ ზაკერბერგმა მოიცალა და Facebook-ის მომხმარებელთა თითქმის მილიარდიან არმიას კარსმომდგარი სიახლეების შესახებ მოუთხრო, რომლებსაც ისინი სულ მალე იხილავენ. ყველაზე მოუთმენლებს შეუძლიათ ე.წ. დეველოპერული პროფილი გაიაქტიურონ და ახლავე შეიტყონ, თუ რა „ელოდებათ”. უმთავრესი ცვლილება მომხმარებელთა პირად გვერდებს, „პროფილებს” შეეხება, რომელიც, არსებული დიზაინისგან განსხვავებით, უფრო დინამიკური და ტევადი იქნება.


 ახალ კონცეფციას მარკ ზაკერბერგმა “თაიმლაინი” უწოდა და, მისი განმარტებით, ის სამი უმთავრესი ნაწილისაგან შედგება: თქვენი ყველა სიახლე, ყველა აპლიკაცია და თვითგამოხატვის ახლებური გზა ერთ გვერდზე. პირველ ორ ნაწილში არაფერია ახალი, ვინაიდან ჩვენს პროფილებზე ისედაც აისახებოდა ყოველი პოსტი, კომენტარი თუ აპლიკაცია. Facebook-ის შემქმნელის ყურადღება უმთავრესად მესამე ნაწილზე იყო მიპყრობილი, რომელიც, მისივე განმარტებით, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გზის ახლებური გააზრება იქნება.

ამიერიდან Facebook-ზე იქნება არა მხოლოდ ჩვენი აწმყო და ახლო წარსული, არამედ ის წარსულიც, როცა Facebook-ი არ არსებობდა: დაბადებიდან დღემდე. ნებისმიერ დროს შეგვეძლება გადავახვიოთ, გადმოვახვიოთ, წავშალოთ ის, რაც არ მოგვწონს, გავალამაზოთ, დავასურათოთ ჩვენი ცხოვრების უმთავრესი დეტალები, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი პროფილის, ანუ ვირტუალური ბიოგრაფიის შექმნაზე კიდევ უფრო მეტ დროს დავხარჯავთ, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით.

საკუთარ პროფილზე დროის ხარჯვა კი ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი ფოტო, კომენტარი და სტატუსი უნდა დავურთოთ ჩვენს პროფილს, რათა მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნოთ თავი ჩვენს „ბუნაგში”.
Facebook-ის ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ყოველწლიურად თითოეული ჩვენგანი წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტ ინფორმაციას დებს სოციალურ ქსელებში. ამ მოვლენას მათ „ზაკერბერგის კანონი” უწოდეს და განაცხადეს, რომ უკანასკნელი 10 წლის, ანუ სოციალური ქსელების არსებობის მანძილზე, ეს კანონი ჯერ არ დარღვეულა.

სიახლეებს ხანდახან გაუთვალისწინებელი შედეგებიც მოსდევს ხოლმე თან, შესაბამისად, Facebook-ის „თაიმლაინიც” არ აღმოჩნდა გამონაკლისი. დეველოპერულ პროფილებზე „თაიმლაინის” გააქტიურებიდან
რამდენიმე დღეში მომხმარებლებმა მიუღებელი ფუნქციონალობა აღმოაჩინეს, რომელიც პირდაპირი გზით არღვევდა მათ პირად სივრცეს. აი, რას წერდა ამის შესახებ ერთი გაბრაზებული იუზერი: 
„ამხელა შეცდომა Facebook-ს არასდროს, არასდროს დაუშვია. გამოვშტერდი. საიდუმლო ან/და დახურულ ჯგუფებში, ან სხვა სეთინგებით გაფილტრული ფოტოები (only me, მაგალითად), თუ ადგილმდებარეობა ჩართული გქონდათ (ვთქვათ, „near tbilisi”), კოხტად გამოჩნდება თქვენს პროფილში რუკაზე. იოლად რომ ავხსნა – თუ თქვენ გაქვთ სამკაციანი საიდუმლო ჯგუფი და მეოთხე კაცის ფოტო დადეთ, თან კომენტებში კარგადაც გალანძღეთ ის – ეს თქვენს პროფილში საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, ნებისმიერს შეეძლება დააკომენტოს და თუ ვინმემ დაწერა კომენტარი – მისი მეგობრებისთვის ეს ფოტო ნიუსფიდშიც გამოჩნდება”.
„თაიმლაინის” კონცეფციას ზოგი მაინც ეჭვის თვალით უყურებს. ზოგს ორსვეტიანი დიზაინი არ მოსწონს და მას MYSPACE-ის გადმონაშთს უწოდებს. ზოგი იმაზე წუწუნებს, რომ აქტივობის ლენტი სრულად არ არის წარმოდგენილი და გვერდზე ფოტო და ვიდეომასალა მათთვის გაუგებარი სისტემითაა თავმოყრილი – თუმცა, ქარავანისა არ იყოს, Facebook-იც განაგრძობს სვლას. როდესაც „თაიმლაინი” ყველას გაუაქტიურდება, საწინააღმდეგო აზრის მქონენიც შეეგუებიან, ვინაიდან ის ყოველდღიურობის შემადგენელი ყოფითი დეტალი გახდება. 
 

კომენტარები