”Wikileaks”: 2008 წლის გაზაფხულზე ბაღაფში ევროპას მოუწოდებდა აჩქარებულიყო

ინტერნეტგვერდი ”Wikileaks”-ი აქვეყნებს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის 2008 წლის გაზაფხულზე დაწერილ მორიგ წერილს, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე იმდროინდელ  მოვლენებს ეხება. ტეფტი წერს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე აფხაზ  პოლიტიკოსებს ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთი  მათ მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას კოსოვოს აღიარების საპასუხოდ სცნობდა. ყოფილი ელჩი მიუთითებს, რომ ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს გაეროს მისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა აცნობა.  ტეფტი  ვარაუდობს , რომ აფხაზების გულისწყრომის  ცოტათი გასაქარწყლებლად რუსეთმა ეკონომიკური სანქციების გაუქმების გადაწყევტილება მიიღო და გააორმაგა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები აფხაზეთის რეგიონში. “Wikilieaks”-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია ოფიციალური თბილისის რეაქცია აფხაზეთის ამბოხებული რეგიონის მიმართულებით რუსეთის ამ ქმედებებზე.   ჯონ ტეფტი აღნიშნავს, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ  კონფლიქტის მოგვარების ახალი სქემა წარმოადგინა და აფხაზებს ფართო ავტონომია, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა შესთავაზა. ეს გეგმა ჯერ მოსკოვმა უარყო, შემდეგ კი სოხუმმა, თუმცა, დოკუმენტის თანახმად ამის შემდეგ სოხუმში დაიწყეს  ფიქრი თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ვარიანტებზე. ”Wikileaks”-ის მიერ გამოქვეყნებული წერილის თანახმად  მერიკელ და ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრისას სერგეი შამბამ დასავლეთის მიდგომები გააკრიტიკა და დაიჩივლა იმაზე, რომ  ევროპელები  აფხაზებს  არავითარ ალტერნატივას არ სთავაზობენ მათ.   ჯონ ტეფტი წერს: "შამბამ განაცხადა, რომ თუკი რუსეთი როდესმე შეეცდება ღიად მოახდინოს რეგიონის ანექსია, აფხაზეთი იარაღს მოკიდებს ხელს და მასთან ერთად იბრძოლებენ მისი მოკავშირეები ჩრდილოეთ კავკასიიდან".  დოკუმენტში  ხაზგასმულია, რომ შამბას არასოდეს მიუცია თავისი თავისათვის უფლება ღიად და საჯაროდ მსგავსი  განეცხადებინა.

დოკუმენტებში ასევე  საუბარია დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებსა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შორის  მოლაპარაკებების შესახებ. აღნიშნულია, რომ  მოლაპარაკებებში მონაწილე პირთა მონათხრობით,    ბაღაფში თავდაპირველად წინააღმდეგი იყო ქართულ მხარესთან კონტაქტზე გასულიყო,  თუმცა, მოგვიანებით  ამაზე თანხმობა განაცხადა. მისი მთავარი პირობა იყო ქართული სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა კოდორის ხოებიდან. მოგვიანებით კი იმასაც დასთანხმდა, რომ კოდორის ხეობაში ქართული და აფხაზური პოლიციის ძალები ევროკავშირის ან გაეროს ახალი  პოლიციური მისიით ჩანაცვლებულიყო. ამასთან, ბაღაფში  მოუწოდებდა ევროპას "აჩქარებულიყო" და რუსეთზე მიანიშნებდა, რომელიც მოქმედებდა სწრაფად, აფხაზეთში თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური დამკვიდრებისათვის.

 

კომენტარები