შიდა ქართლში პრეზიდენტის ახალი რწმუნებული დაინიშნა

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად გორის რაიონის მაჟორიტარი  დეპუტატი გიორგი ტატიშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი შეცვალა.

ახალი რწმუნებული დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის რეგიონული ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს წარუდგინა . ტყეშელაშვილის თქმით, რწმუნებულის შეცვლით  „განსაკუთრებული არაფერი  ხდება“.
 
გიორგი ტატიშვილი 2008 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრი, გორის მაჟორიტარი იყო. ის დეპუტატობამდე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში(1996-2007 წლები) და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა(2007-2008 წლები). 
 
გორის რაიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ზურაბ არსოშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე ეროვნული გვარდიის მეთაურობის შემდეგ შარშან ივლისში დაინიშნა, ქართული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.
 

კომენტარები