დასუფთავება სინათლის ფასად

თბილისის საკრებულომ დასუფთავების ახალი საგადასახადო სისტემა დაადგინა. მომავალი თვიდან, ქალაქის მცხოვრებლებს დასუფთავების გადასახადის გადახდა არა სულადობრივად, არამედ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის პროპორციულად – ერთ კილოვატზე 5 თეთრი – მოუწევთ. 

თელასის მონაცემებზე დაყრდნობით, მერია აცხადებს, რომ თბილისში დაახლოებით 380 ათასი აბონენტია. მათგან, 208 786 აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია თვიურად 150 კილოვატს არ აღემატება. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები, რამდენი წევრისგან შედგება ამა თუ იმ აბონენტის ოჯახი (შესაძლოა, მარტოხელაც იყოს), რთული სათქმელია, მათ მეტის გადახდა მოუწევთ დასუფთავებისთვის, თუ ნაკლების. თუმცა, შეგვიძლია გამოვთვალოთ, თუ რამდენს გადაიხდიან ისინი – გამოდის, რომ მას, ვინც მაქსიმუმ 150 კილოვატი მოიხმარა, დაახლოებით 7.5 ლარის გადახდა მოუწევს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს, საფასურის ნახევარს მერია დაუფარავს. ასეთი დაახლოებით 81 ათასი აბონენტია. რაც შეეხება დანარჩენს 380 ათასიდან, მათთვის გადასახადი მით უფრო მოიმატებს, რაც მეტ კილოვატს მოიხმარენ. 

ამრიგად, პირობითად, სამსულიანმა ოჯახმა, რომელიც ყოველთვიურად საშუალოდ 300 კილოვატ ელექტროენერგიას წვავს, დასუფთავებისთვის 15 ლარი უნდა გადაიხადოს. აქამდე მათ 7.5 ლარის გადახდა უხდებოდათ. 

ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს არ შეიძლება აღემატებოდეს. თუმცა, პარლამენტში ამბობენ, რომ ახალი წესი წინააღმდეგობაში არ მოდის კანონთან, რადგან ახალი სისტემით ტარიფი წესდება და ის მოსაკრებელი აღარ იქნება.  

ცვლილების ინიციატორი თბილისის მერიაა. თბილისის მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის განმარტებით, მას რამდენიმე მიზეზი აქვს. თბილისში რეალურად მცხოვრები და დასუფთავების სამსახურის ბაზაში არსებული ადამიანების რაოდენობა განსხვავდება. ამ უკანასკნელში დაახლოებით 350 ათასით ნაკლებია. მისი თქმით, მოსახლეობის სადღაც მესამედი გადახდას თავს არიდებს. მერიას სერვისის სუბსიდირება ყოველწლიურად 10-12 მილიონით უწევს. ხიზანეიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ბაზები თავის დროზე ხარვეზებითაა შედგენილი, ჭირს ადამიანების იდენტიფიცირებაც – მოსახლეობისგან შემოდის ბევრი წერილი – ბინა დაკეტილია და ნუ მარიცხავთ, აქ აღარ ცხოვრობს და ა.შ. 

მერის მოადგილე აცხადებს, რომ ბაზების მოწესრიგება წლების განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია იტალიურ ეზოებშია. მას მაგალითად ასეთი სიტუაცია მოჰყავს: არის ათი ოჯახი – თელასის ქვითარში რეგისტრირებული 2 სულით ოჯახზე. ეზოში კი მთლიანად ჩაწერილია 50 ადამიანი. დანარჩენ 30 ადამიანზე მათ ეუბნებიან, რომ ისინი იქ აღარ ცხოვრობენ, ან არ იციან, სად არიან. „როგორ უნდა მოვაწესრიგო? ამოვწერო? ვიღაცა სხვაგან ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობის 35% არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე”, – აცხადებს ტარიელ ხიზანეიშვილი. მისი თქმით, ეს ძალიან რთული პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლადაც რეესტრს წლები დასჭირდება. 

ამ პრობლემიდან მერიამ „იოლი” გამოსავალი იპოვა – დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის ხარჯვაზე მიბმა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ანალოგი მსოფლიოში ვერც ტაბულამ მოიძია და ვერც მერიაში დაუსახელეს. სამაგიეროდ, აქ თვლიან, რომ ელექტროენერგიის ხარჯვა ყველაზე მეტად და კარგად ასახავს სოციალურ მდგომარეობას და პრობლემის მოგვარებასთან ერთად სოციალურ სამართლიანობასაც ამკვიდრებენ. მეტიც, ხიზანეიშვილი ამტკიცებს, რომ განსხვავებული სოციალური ფენის წარმომადგენლები, სხვადასხვა ნარჩენს გამოიმუშავებენ. მას მაგალითად
რაიონების მიხედვით კორპუსებზე დაკვირვება მოჰყავს – სადაც ბევრ ელექტროენერგიას წვავენ, ნარჩენიც მეტი გამომუშავდება. 

თავი რომ დავანებოთ ამ საეჭვო მტკიცებას – ვინც მეტ ელექტროენერგიას წვავს, მეტ ნარჩენს გამოიმუშავებს – აქ კიდევ რამდენიმე პრობლემაა. თბილისის მერიის მიზანი, რომ ამ გზით სოციალური სამართლიანობა დაამკვიდროს, სამართლიანობისგან შორსაა. ელექტროენერგიის ხარჯვა მართლა ყველაზე უკეთაც რომ ასახავდეს ადამიანის ფინანსურ შესაძლებლობებს, გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს მეტი ქალაქის დასუფთავებისთვის სხვაზე ცოტა უფრო შეძლებულმა. თან ის, რომ ვინმე სხვაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, არ ნიშნავს, რომ უფრო მდიდარია – ვიღაც, შეიძლება, ძირითადად ბუნებრივი აირის გამოყენებას არჩევდეს, ან პირიქით. 

გარდა ამისა, თბილისში ჯერ კიდევ არის 15 ათასი აბონენტი (ოჯახი), რომელსაც ბუნებრივი აირი არ აქვს. აქ უმრავლესობა, 11 ათასამდე აბონენტი, შემოერთებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ მომხდარა. დანარჩენმა, დაახლოებით 4 ათასმა აბონენტმა კი, გაზის ინდივიდუალურად შეყვანა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა. თბილისის მერია გეგმავს, რომ ზამთრის დადგომამდე გაზი ყველა შემოერთებულ ტერიტორიას მიაწოდოს (კიკეთისა და კოჯრის მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია). დანარჩენ 4 ათასს რაც შეეხება, მერია აპირებს, უახლოეს მომავალში, საკრებულოსთან შეთანხმებით, ამ ადამიანებთან ინდივიდუალურად დაიწყოს მუშაობა და მათთან გაზი თანადაფინანსებით შეიყვანოს. მერიაში ამბობენ, რომ ხარჯების 80-90%-ს თავად დააფინანსებენ, სოციალურად დაუცველებს კი გაზს უფასოდ შეუყვანენ. ამ ეტაპზე ყველა სოციალურად დაუცველი, ვისაც გაზი არ აქვს, დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდის. 

მერიაში ესმით, რომ ახალი სისტემა უნაკლო არაა. თუმცა, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. 
 

კომენტარები