რაგბი: სეზონი თასით დაიწყო

2011 წლის საქართველოს შიდა სარაგბო სეზონი თასის გათამაშებით დაიწყო. გუნდები პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაებნენ საქმეში. თბილისში ლოკომოტივი არმიას ეთამაშა, ყოჩები კი აკადემიას. ქუთაისის აია ვანში  რუსთავის ხარებს დაუხვდა. კიდევ ერთი თამაში თბილისის ლელოსა და არმაზს შორის ამ უკანასკნელის უარის გამო არ გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ავჭალის ახლადგარემონტებულ სტადიონზე შედგა. ერთმანეთს ახლადშექმნილი არმია და მოქმედი ჩემპიონი ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებით - ჯაბა ბრეგვაძით, იური ნატრიაშვილით და ბიძინა სამხარაძით გაძლიერებული არმია უკვე შეიძლება ჩაითვალოს ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად.

ამ გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 11:9 დაამარცხა გამოცდილი ლოკომოტივი და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. გამარჯვების მომტანი ლელო, სწორედ ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშეა. თასის გათამაშებისას, მეოთხედფინალური დაპირისპირებები ერთი შეხვედრით შემოიფარგლება. უკვე ნახევარფინალებიდან კი გუნდები შინ და გარეთ პრინციპით გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.

ნახევარფინალების საგზური მოიპოვეს ქუთაისის აიამ და თბილისის ყოჩებმა. ქუთაისლებმა ვანში გამართულ შერკინებაში 50:0 დაამარცხეს რუსთავის ხარები და გამოაჩინეს, რომ წელსაც სერიოზული მიზნები აქვთ. რაც შეეხება ყოჩებს, მათ 9:9 ითამაშეს თბილისის აკადემიასთან. თუმცა შემდეგ ეტაპზე უკეთესი რეიტინგის გამო სწორედ ისინი გავიდნენ.

ფინალისტის ვინაობის გასარკვევად გუნდები ნახევარფინალებში ასე დაწყვილდნენ - აია არმიას შეხვდება, ლელო კი ყოჩებს დაუპირისპირდება. ეს თამაშები ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარდება.

მანამდე კი გუნდები უკვე შემდეგი კვირიდან საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმებიან და ბზის თასისათვის დაიწყებენ ბრძოლას.
 
მეოთხედფინალები

ყოჩები - აკადემია 9:9
აია - ხარები 50:0
ლოკომოტივი - არმია 9:11

კომენტარები