სპორტული 2010 წელი

განვლილი წელი ქართველი სპორტსმენებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა: იყო გამარჯვებაც, იმედგაცრუებაც, გულშემატკივრებს სიურპრიზებიც არ დაგვკლებია და სამწუხაროდ, განვლილმა წელიწადმა დიდი ტრაგედიაც დაიტია:

12 თებერვალს, კანადის ქალაქ ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საკვალიფიკაციო დაშვების დროს ქართველი მოციგავე, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.
 
ოქტომბერში გამოძიება დასრულდა. მომხდარი უბედურ შემთხვევად შეფასდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები კი ბაკურიანს ესტუმრნენ: ჯერ ოჯახს მიუსამძიმრეს, ნოდარის სახელობის მემორიალი გახსნეს, ბოლოს კი უმაღლესი ჯილდო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი გადასცეს სპორტსმენის მშობლებს. ითქვა ისიც, რომ მალე დაბაში საერთაშორისო სტანდარტების საციგაო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ნოდარის სახელობის იქნება.
 
ეს ტრაგედია რომ არა, 2010 წელი ქართული სპორტისთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითად ჩაითვლებოდა – ყოველ თვეს დასამახსოვრებელი წარმატებები თან ახლდა:
 
გაზაფხულზე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ მოიგეს ევროპის ერთა თასი და ახალ ზელანდიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც გაინაღდეს.
 
ზაფხულში კალათბურთელები ფიბამ გაახარა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა საკვალიფიკაციო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა, ფიბამ წესები შეცვალა, კონტინენტის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი გაზარდა და საქართველოს ნაკრებსაც ლიტვის საგზური ერგო – 2011 წელს, ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ასეთი რანგის ტურნირზე ითამაშებს!
 
შემოდგომით კი სასიხარულო ცნობა სერბეთიდან მივიღეთ: ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების 39-ე გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებულ წილისყრაში, თბილისმა 26:21 დაამარცხა ჩეხეთის ქალაქი ბრნო და 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა!
 
და რაც არანაკლებ სასიხარულოა, 2010 წელი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა! თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ 8 მატჩი არ წააგო, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში კი საწყის 4 მატჩში 6 ქულა მოიპოვა და პოლონეთ-უკრაინაში ასპარეზობის შანსი შეინარჩუნა. ასეთი რამ ქართულ ფეხბურთში აქამდე არ მომხდარა!
2011 წელს გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო სპორტული მოვლენები გველის, სადაც საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებებიც იასპარეზებენ: ჯერ კალათბურთელთა ევროპირველობაა, შემდეგ კი მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
და თუ ფეხბურთელებმა და სხვა სპორტის წარმომადგენლებმაც გაგვახარეს...
 
თუმცა ჯერ, 2010 წელი გავიხსენოთ:
 
იანვარი
ფიგურული სრიალი: ევროპირველობაზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა! პირველად კარიერაში.
 
ძიუდო: თბილისში, მსოფლიო თასზე დავით ასუმბანმა, შალვა ქარდავამ, ლევან წიკლაურმა და მინდია ბოდაველმა ოქროები მოიგეს.
 
თებერვალი
ძიუდო: დავით ასუმბანმა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი – პარიზის დიდი მუზარადი მოიგო!
 
მარტი
ფეხბურთი: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანავსული სერია დაასრულა – 2008 წლის 20 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო საერთაშორისო მატჩი. თემურ ქეცბაიას გუნდმა ესტონელებს შინ სძლია 2:1.
 
რაგბი: ნაკრების წევრებმა მორიგი წარმატებით გაგვახარეს – ნეიტრალურ მოედანზე, ტრაბზონში გამართულ ჯახში რუსეთი 36:8 გაანადგურეს და კიდევ ერთხელ აღმართეს ევროპის ერთა თასი. ჩვენმა გუნდმა 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც გაინაღდა!
 
აპრილი
ძიუდო: ქართველებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართული ევროპირველობა ინდივიდუალურში ჩააგდეს, თუმცა სამაგიეროდ, გუნდურში დაიკავეს პირველი ადგილი – ფინალში ფრანგებს სძლიეს.
 
რაგბი: 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
 
მაისი
სამბო: ქართველებმა ევროპირველობაზე 2 ოქრო მოიგეს – უშანგი კუზანაშვილმა და ნესტორ ხერგიანმა.
წყალბურთი: 20-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი თბილისის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ჩვენმა გუნდმა დიდ ბრიტანეთს 10:7 სძლია.
 
მაგიდის ჩოგბურთი: ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართა საერთაშორისო ტურნირი. ბათუმში ჩვენი იუნიორების გარდა სომხეთის, კვიპროსის და თურქეთის ნაკრებებმაც იასპარეზეს.
 
ივნისი
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა სპორტის სასახლეში გამართულ საერთაშორისო ტურნირებში. ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასებზე ჩვენმა გუნდმა 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
 
ძიუდო: პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ირაკლი ცირეკიძემ პირველად მოიგო ტურნირი – მადრიდის მსოფლიო თასზე იმარჯვა.
 
ივლისი
კალათბურთი: თბილისმა პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ოთხგუნდა შეჯიბრება საქართველოს ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში უკრაინას სძლია – 87:84.
 
რაგბი: ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავსტრალიელი ტიმ ლეინი შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა შეცვალა.
 
აგვისტო
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ფიბამ წესები შეცვალა და კონტინენტის პირველობაზე მეტი გუნდი დაუშვა. ლიტვის საგზური ჩვენს გუნდსაც ერგო.
 
სექტემბერი
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: მოსკოვში გამართული მსოფლიო ჩემპიონატები ორივე სტილის მოჭიდავეებმა ჩააგდეს. „თავისუფლებმა” მხოლოდ 2 ბრინჯაოთი (გიორგი გოგშელიძე, ლევან ბერიანიძე) დაასრულეს ტურნირი, კლასიკოსთა ნაკრებმა კი ერთი მედალიც ვერ მოიგო.
 
ძიუდო: ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შერცხვა. საუკეთესო შედეგი – მე-5 ადგილი – ვარლამ ლიპარტელიანმა აჩვენა, მერვედფინალში გასულ ირაკლი ცირეკიძეს კი ტატამზე დააგვიანდა და ტურნირიდან მოხსნეს! იაპონიაში წარუმატებლობის შემდეგ ნაკრების თავკაცი ამირან ტოტიკაშვილი გადადგა – ის სოსო ლიპარტელიანმა შეცვალა. მალე თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმაც დატოვა.
 
ოქტომბერი
ძიუდო: ავთანდილ ჭრიკიშვილმა ერთი თვით ადრე ახალგაზრდებს შორის მოგებულ ევროპის ჩემპიონატს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც დაურთო.
 
რაგბი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში რუსეთს სძლია – 38:7.
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძემ მიუნხენში მსოფლიო თასი მოიგო! კარიერაში მერვედ.
 
ნოემბერი
ოლიმპიადა: თბილისს ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება ერგო! დედაქალაქის არჩევას წინ უძღოდა ლეგენდარული სერბი კალათბურთელის, სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვლადე დივაცის საქართველოში სტუმრობა.
 
ბატუტზე ხტომა: ანა ოდიშვილი იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
 
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა წლის უკანასკნელ საერთაშორისო მატჩში სლოვენიას სტუმრად 2:1 სძლია. თემურ ქეცბაიას გუნდმა 2010 წელს 8 მატჩიდან 3 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა. ჩვენმა გუნდმა პირველად დაასრულა წელი წაგების გარეშე.
 
დეკემბერი
რაგბი: გადაწყდა, რომ 2011 წელს საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ალაფას უმასპინძლებს. ამავე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეს რანგით მეორე ტურნირია. 
 
 

კომენტარები