ლონდონში ვიკილიქსის დამფუძნებელი დააკავეს

სკანდალური ინტერნეტპორტალის,  ვილკილიქსის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი 7 დეკემბერს ლონდონში ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა. შვედი სამართალდამცავები 39 წლის ავსტრალიელს ორი ქალის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. ვიკილიქსის დამფუძნებელი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაკავება ინტერნეტპორტალზე ბოლო დროს გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებს უკავშირდება.

ასანჟის ადვოკატის, მარკ სტივენსის მოთხოვნის მიუხედავად, ლონდონის სასამართლომ ვიკილიქსის დამფუძნებლის თავდებით გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. სტივენსის თქმით,  ის ლონდონის სასამართლოს ასანჟის შვედეთისთვის გადაცემაზე უარის თქმას მოსთხოვს.  ადვოკატმა აღნიშნა, რომ შვედეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებულად მოქმედებს და რომ ასანჟი შვედეთიდან, შესაძლოა, Aაშშ-ში გადააგზავნონ. ლონდონის სასამართლომ ასანჟის შვედეთისთვის გადაცემის საკითხი დაკავებიდან 28 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს.

ვიკილიკსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასანჟის დაპატიმრება მედიის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასა. ჟურნალისტებთან საუბრისას კრისტინ ჰრაფნსონმა განაცხადა, რომ დამფუძნებილის დაკავების მიუხედავად, ვიკილიკსი საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას გააგრძელებს.

ვიკილიქსმა ნოემბრის ბოლოს ამერიკელი დიპლომატების აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან მიმოწერის გრიფით საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რამაც ოფიციალური ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

კომენტარები