2010 წელს ქართული კინოს გარეშე მგონი არ ვკვდებით

რას უნდა ელოდეს მაყურებელი, როდესაც კინოთეატრში ახალ ქართულ ფილმზე მიდის? 1. მსახიობების ცუდ თამაშს, იმ დონისას, რომლითაც თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდასაც ვერ ჩააბარებ. 2. რეჟისურას, რომელსაც ყველაზე ნაკლები საერთო აქვს ხელოვნებასთან და მხოლოდ პროდუქციის გაყიდვაზე ზრუნავს. 3. სექსის სცენებს, თანაც იმდენად არაესთეტურს, რომ მაყურებელს თრგუნავს  და დიდი ალბათობაა იმპოტენტად აქციოს. „ტრადიციული” ქართული კინოს სრული ანტიპოდია ლევან თუთბერიძის ფილმი „უშენოდ მგონი მოვკვდები”. 

ეს ფილმი 2008 წელს უნდა გამოსულიყო, ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა და გადაღებები დაიწყო, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომმა კრიზისმა, ფილმის გამოსვლა გააჭიანურა და მხოლოდ 2010 წელს მოხდა ნამუშევრის დასრულება. გიორგი ზანგურის, ირაკლი სანაიას, შორენა ბეგაშვილის კინოდებიუტი სწორედ ლევან თუთბერიძის ფილმში შედგა.
„უშენოდ მგონი მოვკვდები” ზაზასა (გიორგი ზანგური) და მამუკას (ირაკლი სანაია) ერთი დღის ისტორიაა. ეს ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებაა, ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. ზაზა წარუმატებელი მწერალია, მხიარული, ორ გოგოზე, ერთნაირად, უზომოდ შეყვარებული და კარგი მეგობარი. ის ტოტალიზატორში დიდ ფულს მოიგებს და ცდილობს ამ ფულით ყველას დაეხმაროს – თითქოს ეს მისი უკანასკნელი საათები იყოს. ეს ზაზას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა, დღე, როდესაც მან ნინაკასთან (შორენა ბეგაშვილი) ურთიერთობას წერტილი უნდა დაუსვას და დაიწყოს ახალი სტრიქონის წერა ქეთასთან (ია სუხიტაშვილი) ერთად. მამუკა „შავი სამყაროს” წარმომადგენელია, რომელსაც უახლოეს ძმაკაცს მოუკლავენ. შურისძიება მისი ერთადერთი მიზანია. 
 
გიორგი ზანგურსა და ირაკლი სანაიას არაფერი ეტყობათ, რომ ეს მათი სადებიუტო როლებია. ზაზაც და მამუკაც მაყურებლის თვალწინ იზრდებიან და ყალიბდებიან პერსონაჟებად და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება. ეს კი მსახიობების კარგი თამაშის დამსახურებაა. 
მონტაჟი, ოპერატორული ნამუშევარი, მუსიკა – ეს ყველაფერი ფილმში კარგია და იმდენად მოულოდნელი ქართული ფილმისგან, რომ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ – „უშენოდ მგონი მოვკვდები” ქართული ნამუშევარია, თუ ევროპული ინდი ფილმი. ამ ჰიპოთეზას კიდევ უფრო გაგიმყარებთ მიშა გომიაშვილის (რომა) და ლევან ხურციას (პეტრუჩიო) მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. ნარკოდილერ რომას და ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ პეტრუჩიოს ფილმში ახალი სისხლი შემოაქვთ და მაღალი ტემპის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
 
ლევან თუთბერიძემ გააკეთა ის, რაც ყველა რეჟისორმა უნდა გააკეთოს. აიღო კარგი სცენარი, რომელიც აკა მორჩილაძემ დაწერა თავისი ნაწარმოების „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” მოტივებზე, აიყვანა საინტერესო შემოქმედებითი ჯგუფი და შეუდგა ფილმის გადაღებას. ეს იმიტომ, რომ თუთბერიძე რეჟისორია და არა კლიპმეიკერი, მკლავჭიდელი, ბიზნესმენი ან რაიმე სხვა, კინოსთან არაფრით დაკავშირებული პროფესიის ადამიანი. მხატვრული ფილმი უნდა გადაიღოს რეჟისორმა (გამონაკლისები რა თქმა უნდა არსებობს), ადამიანმა, რომელიც კინოს სიყვარულით იღებს და არა კომერციული მიზნებისთვის. კინოგაქირავებაში წარმატება აუცილებელია, მაგრამ წარმატებას ხარისხით უნდა მიაღწიო და არა ქალის შიშველი სხეულით. 
 
ფილმს ბევრი მინუსი აქვს. ეს არ არის სუპერფილმი ან საკულტო კინოდ ქცევისთვის „განწირული” ნამუშევარი. რიგი ეპიზოდები გაწელილია, განსაკუთრებით ზაზასა და ქეთას (ია სუხიტაშვილი) დიალოგები, ფინალში მონტაჟი მოიკოჭლებს. მაშინ როდესაც დაძაბულობა აპოგეას უნდა აღწევდეს და მაყურებელს სისხლი უნდა ეყინებოდეს, ამ დროს უადგილო კადრები არღვევს ჰარმონიას. მაგრამ ლევან თუთბერიძემ გადაიღო ფილმი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თამამად შეგვიძლია ამ ნამუშევარს მხატვრული ფილმი ვუწოდოთ, თამამად შეგვიძლია შევაქოთ მსახიობების თამაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კინოს კუბოზე ეს ფილმი ლურსმნად არ გამოდგება. მგონი ქართველ მაყურებელს ნორმალური ქართული ფილმის გარეშე 2010 წლის „მოკვლა” არ მოუწევს. 

კომენტარები