ცვლილებები თეთრ სახლში

ბარაკ ობამა რამ ემანუელს ემშვიდობება
ბარაკ ობამა პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. პრეზიდენტის პოპულარობა განუხრელად ეცემა; იკლებს მის მიერ წამოწყებული რეფორმების მხარდაჭერაც – ამერიკის მოსახლეობის 70% ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკას წარუმატებლად მიიჩნევს; მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი – უკანასკნელი მონაცემებით, ის კვლავაც 9.6%-ს უტოლდება.
ნოემბერში აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. ამ არჩევნებში დემოკრატები წარმატებას ნამდვილად არ ელიან, საზოგადოებრივი აზრის კვლევები გამარჯვებას რესპუბლიკელებს უწინასწარმეტყველებს. შუალედურ არჩევნებამდე ობამა ელექტორატს საკადრო ცვლილებებს სთავაზობს.
გასულ კვირას თეთრი სახლი ობამას ადმინისტრაციის უფროსმა რამ ემანუელმა დატოვა. მისი ადგილი ნაკლებ ცნობილმა პიტ რუსმა დაიკავა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი გენერალი ჯეიმს ჯოუნსიც მისმა მოადგილემ თომას დონილონმა შეცვალა. გადახალისდა ობამას ეკონომიკური გუნდიც.
რამ ემანუელი 2008 წლამდე კონგრესში ილინოისის შტატის წარმომადგენელი იყო. ობამას პრეზიდენტად არჩევიდან ორ დღეში მან კონგრესმენობაზე უარი თქვა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ეს პოსტი მაკ მაკლართის შემდეგ, მისთვის ყველაზე ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა. 1994 წელს ბილ კლინტონმა ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ბავშვობის მეგობარ მაკლართს, იმის გამო დაატოვებინა, რომ მან ვერ შეძლო თეთრ სახლში წესრიგის დამყარება. ზოგიერთი კომენტატორის აზრით, რამ ემანუელმა, რომელსაც მეტსახელად “კერკეტ კაკალსაც” უწოდებენ, აშშ-ში არსებული ვითარება სათანადოდ ვერ შეაფასა: იგი ობამას თავდაჯერებულობის განმტკიცებაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე მისთვის საზოგადოებრივი აზრის მიწოდებაზე. მაშინ როცა აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობას ებრძოდა, ემანუელი უფრო მეტ მნიშვნელობას ობამას იდეოლოგიურ მიზანს, ჯანდაცვის რეფორმას ანიჭებდა. მეტიც, პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიმს ჯოუნსიც ბობ ვუდვორდის წიგნში („ობამას ომები”) ემანუელს და მის დამხმარეებს ტარაკნებს უწოდებს. ის აცხადებს: „ტარაკნებს არც ომის და არც საერთაშორისო ურთიერთობების გაეგებოდათ რამე... ისინი მხოლოდ პრეზიდენტის იმიჯზე საერთაშორისო ურთიერთობების გავლენაზე ფიქრობდნენ’’.
წარუმატებელი გამოდგა აშშ-ის საზღვაო ჯარების გადამდგარი გენერლის ჯეიმს ჯოუნსის თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოღვაწეობაც. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ის გასული წლის იანვარში გახდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს პრეზიდენტი ობამა ჯოუნსს ისედაც არ უთანხმებდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან, როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ობამას შიდა წრეში უმთავრესი მოთამაშე უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელი დენის მაკდონოა. ჯეიმს ჯოუნსი გადადგომას 2011 წლის იანვარში ისედაც აპირებდა, თუმცა ობამამ მისი გათავისუფლება არჩევნების გამო დააჩქარა.
ჯოუნსის ადგილი თომას დონილონმა დაიკავა. თუმცა არც ის ჰპირდება ობამას ადმინისტრაციას მნიშვნელოვან ცვლილებებს. თომასს თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან ცუდი ურთიერთობა აქვს. ამ უკანასკნელმა მისი დანიშვნა „კრახად’’ შეაფასა.
შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება – კრიტიკოსები ამ ფორმულას ობამას ეკონომიკურ გუნდში განხორციელებული ცვლილებების დასახასიათებლად იყენებენ. თანამდებობა დატოვა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური კომისიის დირექტორმა ლარი სამერსმა. მისი ბედი თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა პიტერ ორსზაგმა და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს თავმჯდომარემ კრისტინა რომერმაც გაიზიარეს. გუნდის გადახალისების მიუხედავად, არ იგეგმება ობამას ე.წ. ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკის შეცვლა. წარუმატებლობა კი, არა იდეის არასრულფასოვნებას, არამედ მის გამტარებლებს დაბრალდათ, რისთვისაც პასუხი თანამდებობრივად აგეს.

 

კომენტარები