წესები რადიკალებისთვის: ობამა, ჩაის წვეულება და ჰიპები

პრაგმატული სახელმძღვანელო რეალისტი რადიკალებისთვის” საულ დეივიდ ალინსკის უკანასკნელი წიგნის სათაურია. ამერიკაში ემიგრირებული რუსი ებრაელების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი მასების ორგანიზების გენიოსი იყო. ან – “თითქმის გენიოსი”, როგორც ალინსკის უილიამ ბაკლი, კონსერვატორი მწერალი, უწოდებს. ალინსკიმ მასების ორგანიზება 30-იან წლებში, ჩიკაგოს უღარიბეს აფრო-ამერიკულ გეტოებში დაიწყო. ბოლოს იგი 60-იანელთა ახალი მემარცხენე მოძრაობის მთავარი ტაქტიკოსი გახდა.
“წესები რადიკალებისთვის” საულ ალინსკიმ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1971 წელს დაწერა. წიგნი მითოლოგიისა და ისტორიის გასაყარზე კაცობრიობის მეხსიერებაში შემონახული პირველი რადიკალის ხსენებით იწყება; ლუციფერი პირველი იყო, ვინც არსებული წყობილების, ღმერთის, ისტებლიშმენტის წინააღმდეგ აჯანყდა და წარმატებასაც მიაღწია – საკუთარი სამეფო მოიგო, – წერს ავტორი.
მაკიაველი “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” ძალაუფლების შენარჩუნებას ასწავლის, „წესები რადიკალებისთვის” კი „გლახაკთა” სახელმძღვანელოა ამ ძალაუფლების წასართმევად.
გლახაკთა და უპოვართა ჩიკაგოელი თემ-ორგის (თემის ორგანიზატორი – Community Organizer), საულ ალინსკის, სწავლებას ბევრი პრაგმატული თუ რეალისტი მიმდევარი ჰყავს დღესაც. მათ შორის არის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც პოლიტიკური კარიერა ალინსკივით ჩიკაგოს თემების ორგანიზებით დაიწყო.
რეალისტი რადიკალების პრაგმატული სახელმძღვანელო ამ ბოლო დროს ჩაის წვეულების ერთ-ერთი სამაგიდო წიგნიც ხდება.
ალინსკი სისტემის შიგნიდან ნგრევას ასწავლის მიმდევრებს. მის დასაშლელად მამოძრავებელი მექანიზმების შესწავლაა აუცილებელი,
რევოლუციური ცვლილებების წინ მასებს პასიური, დამყოლი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. ხალხთან მუშაობის მიზანი ამ ცვლილებების შესაძლებლობაში მათი დარწმუნებაა. თემ-ორგმა ჯერ ნდობა უნდა მოიპოვოს, შემდეგ აგიტაცია დაიწყოს, აპათია დაამარცხოს და მიყუჩებულ თემს მყუდროება დაურღვიოს. პირველი ნაბიჯი თემის ორგანიზებისკენ მისი დეზორგანიზებაა, – აღნიშნავს ალინსკი.
მას არ აწუხებს ეთიკური დილემა იმასთან მიმართებაში – ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებებს. იგი ფიქრობს, რომ პასუხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული მიზნისა და კონკრეტული საშუალების განხილვის შემდეგ ხდება ცნობილი.
ალინსკის სწავლება ანტისისტემურ რადიკალიზმს ასაზრდოებს.
60-იან წლებში სისტემას და ელიტებს ახალი, რადიკალური მემარცხენეები დაუპირისპირდნენ. ჰიპებისა და სტუდენტების მოძრაობა ომის საწინააღმდეგო ტალღაზე წარმოიშვა.
2010 წელს ისტებლიშმენტს და პოლიტიკურ ელიტას ჩაის მოძრაობა ებრძვის. ინტელექტუალური ელიტა ჰიპებისა და ჩაის მსმელების, დრო-სივრცეში და იდეებში უკიდურესად დაშორებული ორი სოციალური მოძრაობის სარკისებური მსგავსების განხილვით ერთობა.
60-იანელების მოძრაობა ბოჰემური იყო, ჩაის წვეულება ბურჟუაზიულია. მათი წინააღმდეგობის მოტივაცია ომი იყო. მეორეს უკმაყოფილების მიზეზი ფისკალური უპასუხისმგებლობაა. ისინი დადიოდნენ ვუდსტოკში, ესენი ვოლმარტს სტუმრობენ, – წერს საკუთარი მიგნებით კმაყოფილი დევიდ ბრუკსი The New York Times-დან. ის ჩაის წვეულების აქტივისტებს ვოლმარტის ჰიპებს უწოდებს.
დღეს ჩაის წვეულების ერთ-ერთ სულისჩამდგმელს, გლენ ბეკს ები ჰოფმანსაც ადარებენ. ები 60-იანელთა რადიკალი ბუნტისთავია, ახალგაზრდა ინტერნაციონალური პარტიის, იაპების დამფუძნებელი.
გლენ ბეკი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელმაც მემარცხენეების საყვარელი მეთოდის, ქუჩის მსვლელობისა და საპროტესტო მარშების გამოყენებისკენ მოუწოდა კონსერვატორ პუბლიკას.
ბეკამდე და ჩაის წვეულებამდე კონსერვატორები ისტებლიშმენტს კონტრისტებლიშმენტის ჩამოყალიბებით ებრძოდნენ. მაგალითად, ასე ჩაისახა ნეოკონსერვატიზმი 60-70-იან წლებში შექმნილ პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტებში (Think Tanks).
რა დაიბადება საბოლოოდ ჩაის სახალხო მოძრაობიდან, რა მოხდება კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, როგორი იქნება მემარცხენე მეთოდებით გაზრდილი ამერიკელი ახალი მემარჯვენე, ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ დაუწერელი ტექსტებისა და იდეების სასუფეველში ნებივრობს.

კომენტარები