რუსული კანონი

6 ოპოზიციური პარტია 28 აპრილს NGO-ების დაანონსებულ "ევროპულ მარშს" უერთდება

აქცია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ, 2024 წლის 17 აპრილი.
ლუკა ახალაია/ტაბულა

ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან - საერთო განცხადებას ავრცელებენ ახალი, გირჩი მეტი-თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი. 

"ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს! ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.


29 აპრილს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები.


მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც ქართული ოცნება თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი - არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში" - წერია ოპოზიციური პარტიების გავრცელებულ განცხადებაში.
 

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის ჩაგდებამდე, ისინი ხელისუფლებასთან ყველანაირ თანამშრომლობას აჩერებენ.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხელმომწერი ორგანიზაციები უარს ამბობენ რაიმე ფორმით "ღირსების შემლახავ რეესტრში" დარეგისტრირებაზე და საზოგადოებას მოუწოდებენ, 28 აპრილს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ.

კომენტარები