მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 14 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აშშ-ს, EU-ს და EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებს საჯარო დისკუსიაში იწვევს რუსული კანონის შესახებ.
"გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.
ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ" - წერს კობახიძე.