ენმ

მელიას თქმით, ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის ყოფილი წევრები მის პარტიას უერთდებიან

ნიკა მელია პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" პრეზენტაციაზე, 11 მარტი 2024 წელი

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული დეპუტატები მის გუნდს უერთდებიან.

"ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ პარტია ახალს შემოუერთდეს. როდესაც ქუთაისში პარტია ნაციონალურ მოძრაობას ბირთვი, ანუ 70% ტოვებს, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც 2 ნიკას ხათრით და არც არავისი. ეს პატრიოტი ადამიანები გადაწყვეტილებას რწმენისა და შეხედულებებისამებრ იღებენ. ამ ხალხისთვის უბრალოდ მიუღებელია, რომ პარტია კულუარულად იმართებოდეს. მათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება უნდათ, მაგრამ ისინი ქუთაისელები არიან, იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და იციან, რომ ელექტორულადაც შეუძლებელია, ივანიშვილი ვანო მერაბიშვილითა და დავით კეზერაშვილით ჩაანაცვლო. ეს ჯიუტი ფაქტია". - თქვა მელიამ.

2023 წლის დეკემბერში ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7-მა დატოვა. ამასთან, ენმ-ის ყოფილმა წევრმა, გიორგი კილაძემ თქვა, რომ ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7-მა თითქმის სრული შემადგენლობით დატოვა პარტია.

კომენტარები