თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რა ვიცით რუსეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი "პიკნიკის" კონცერტის წინ, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

სროლიდან მალევე გავრცელდა თავდასხმის ამსახველი კადრები და ინფორმაცია, აფეთქებების შესახებ, რამაც, ხანძარი გამოიწვია.

მაშინ, როდესაც შენობაში შესაძლოა ჯერ კიდევ იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი, შენობის სახურავმა ჩამონგრევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად უკვე გაგზავნეს ვერტმფრენები, რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით კი, შენობის სარდაფიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 70-ზე მეტი ბრიგადაა მობილიზებული.

დაახლოებით 10 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდო ტერაქტის ადგილზე რუსეთის ეროვნული გვარდია მივიდა და სპეცრაზმმა საკონცერტო დარბაზის შტურმი დაიწყო. თუმცა, BAZA-ს ინფორმაციით დაახლოებით 4-მა ტერორისტმა გაქცევა მოახერხა.

Mash-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ტელეგრამ-არხის ცნობით, თავდამსხმელთა რაოდენობა შესაძლოა 5 ყოფილიყო.

ამ დროისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმაზე ტერორიზმის მუხლით საქმე უკვე აღძრა. პარალელურად, მოსკოვსა და პეტერბურგში მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრების ევაკუაცია. ვნუკოვოს, შერემეტევოს, დომოდედოვოს აეროპორტებმა, ასევე რუსეთის რკინიგზამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. მოსკოვში შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა სპორტული, კულტურული და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიება გაუქმდა.

თავდასხმიდან მალევე მედიამ გაიხსენა, რომ აშშ-ს საელჩომ კრემლი მოსკოვში შესაძლო ტერაქტებზე სროლამდე ორი კვირით ადრე გააფრთხილა. 3 დღის წინ პუტინმა ამას "პირდაპირი შანტაჟი" უწოდა. "ეს ყველაფერი აშკარა შანტაჟს და ჩვენი საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციის განზრახვას ჰგავს". - თქვა მაშინ პუტინმა.

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა Crocus City Hall-ში თავდასხმის ჩამდენები "ლაჩრებად" და "არარაობებად" მოიხსენია. 

"ძალადობის მსგავსი აქტების ჩადენა მხოლოდ ლაჩრებსა და არარაობებს შეუძლიათ, რომლებიც გაბედულები მხოლოდ დაუცველებისა და უიარაღოების წინაშე არიან". - თქვა კადიროვმა. 

თეთრი სახლი აცხადებს, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ.

"ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სროლაში უკრაინა ან უკრაინელები იყვნენ ჩართულნი". - უთხრა თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ რეპორტიორებს. 

უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი დანაყოფი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია". - უთხრა РДК-ს წარმომადგენელმა Новая газета Европа-ს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის გააზრებული პროვოკაციაა.

"ეს პუტინის სპეცსამსახურის გააზრებული პროვოკაციაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებდა. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ასე დაიწყო და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებით სურს დასრულება". - უთხრა დაზვერვის სამსახურის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა Українська правда-ს

გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, მოსკოვში ტერორისტულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ФСБ-ს მიერ ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა. ამის შესახებ გროზევმა ტელეკომპანია Дождь-ის ეთერში ისაუბრა.

გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, თუ ФСБ სავარაუდო თავდამსხმელად ISIS-ს გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, სიმართლე იქნება. თუმცა, გროზევი იმასაც ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან თავად ФСБ დგას, მიზანი კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა.

კომენტარები