აშშ

FBI-ის დირექტორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილე დენ ბონგინო მომავალი თვიდან თანამდებობას დატოვებს.

ბონგინომ ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით ბონგინოს "სურს თავის გადაცემას დაუბრუნდეს". FBI-ში დანიშვნამდე ის პოპულარული მემარჯვენე პოდკასტის წამყვანი იყო.

"დენმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. მგონია, რომ მას სურს თავის გადაცემას დაუბრუნდეს" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

Reuters წერს, რომ ბონგინო, ყოფილი ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცერი, საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი და მემარჯვენე პოდკასტერი, უჩვეულო არჩევანი იყო FBI-ის დირექტორის მოადგილის პოზიციისთვის, რომელიც ისტორიულად კარიერულ აგენტებს ეკავდათ - მათ, ვინც ბიუროში საფეხურებს თანდათანობით გადიოდნენ. იგი მოადგილედ FBI-ის აგენტთა ასოციაციის წინააღმდეგობის მიუხედავად დაინიშნა - ეს ორგანიზაცია ბიუროს დაახლოებით 14 000 ძირითადად მოქმედ აგენტს წარმოადგენს.

კომენტარები