ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამერიკულ მედია Newsmax-თან საუბრისას თქვა, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შეუძლია ბელარუსში ჩავიდეს, თუ ის თანამდებობას დატოვებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ოფიციალური განხილვა არასდროს გამართულა.
"ბელარუსსა და ვენესუელას ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ. მადურო არასდროს ყოფილა მტერი ან მოწინააღმდეგე," თქვა ლუკაშენკომ.
ამავე დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, ვენესუელის საკითხი და სხვა საერთაშორისო თემები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილოს.
ლუკაშენკო ამბობს, რომ ყველა არსებული პრობლემა შეიძლება მშვიდობიანი გზით გადაწყდეს და ასევე აღნიშნავს, რომ ვენესუელასთან ომი "მეორე ვიეტნამს" დაემსგავსებოდა.
მისივე თქმით, ვენესუელის პრეზიდენტი "გონიერი ადამიანია“, რომელთან შეთანხმებაც შესაძლებელია და საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა კომპრომისსა და დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს და არა ძალის გამოყენებას.





