რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაკვირვება გამოთქვა ანკორიჯის სამიტის შემდეგ აშშ-ს მიერ ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო. ამის შესახებ მან ყირგიზეთში ოფიციალური ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ანკორიჯში გამართული შეხვედრაზე ჩვენ ჩამოგვიყალიბდა შთაბეჭდილება, რომ მივაღწიეთ თანხმობას აშშ-სთან, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. ჩვენ ამ პლატფორმაზე ვრჩებოდით და უცბად აშშ აცხადებს ახალ სანქციებს. თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა"- თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანკორიჯის სამიტამდე ის აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა, შემდე კი ალიასკაში ჩავიდა და რამდენიმე მოლაპარაკება გამართა. როგორც პუტინმა აღნიშნა, მისი აზრით, არსებობს ზოგადი გაგება იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად.
"შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, რადგან მე და ჩემმა კოლეგამ, პრეზიდენტმა ტრამპმა, ვთქვით, რომ ჩვენს დედაქალაქებში უნდა დავბრუნებულიყავით, დავფიქრებულიყავით და კონსულტაციები უნდა გაგვემართა ჩვენს სამინისტროებთან, სააგენტოებთან და მოკავშირეებთან. ამის შემდეგ კი პროცესის გაგრძელებაზე შევთანხმდით. შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ლავროვი და რუბიო შეხვდნენ და ზოგადი საუბარი გამართეს, თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთსა და აშშ-ს შორის კონფლიქტი არ წარმოიშვა". - დაამატა პუტინმა.
ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ოქტომბერში ორი უმთავრესი რუსული ნავთობკომპანიის, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ, ახალი სანქციები გამოაცხადა.





