ახალი ზელანდიის ტრაგედია

ახალი ზელანდიის უმაღლეს მწვერვალზე ასვლისას 2 მთამსვლელი დაიღუპა

Mount Cook

ახალი ზელანდიის უმაღლეს მწვერვალ კუკის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ორი მთამსვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთამსვლელთა ჯგუფი 3 724 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე ასვლას ცდილობდა, როდესაც ორი მათგანი იზოლირებულ ალპურ ზონაში ჩამოვარდა. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები მალევე იპოვეს. ჯგუფის დანარჩენი წევრების ევაკუაცია ვერტმფრენებით მოხდა.

დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით საჯაროდ არ გავრცელებულა, თუმცა, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი მათგანი ცნობილი და საერთაშორისოდ აღიარებული მთამსვლელი იყო.

კუკის მთა გამოცდილი მთამსვლელებისთვისაც დიდ გამოწვევად ითვლება. მისი ციცაბო რელიეფი, დიდი ნაპრალები და იქ არსებული ამინდის ხშირი ცვალებადობა, სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებას ხშირად ქმნის. თითქმის ერთი წლის წინ, სამი ამერიკელი და ერთი კანადელი ალპინისტი ამავე მთაზე გაუჩინარდა. ისინი მოგვიანებით გარდაცვლილად გამოაცხადეს. მათი სხეულები ამ დრომდე არაა ნაპოვნი.

კომენტარები