უვიზო რეჟიმის შეჩერება

ევროკავშირის საბჭომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა

REUTERS/Johanna Geron/File Photo

ევროკავშირის საბჭომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა. ახალი მექანიზმი ბრიუსელს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს. ასევე, ახალი მექანიზმის ფარგლებში, გაფართოვდება უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძვლები.

"ახალი წესების ძალაში შესვლიდან, ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნებთან, თუ ეს სახელმწიფო არ შეესაბამება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირს შეეძლება უვიზო რეჟიმის გაუქმება, თუ ამა თუ იმ ქვეყანას ექნება ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროგრამა; თუ მესამე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში". - აღნიშნულია პრესრელიზში.

განახლებული რეგულაციების შედეგად, პირველ შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება მოხდება 12 თვით, დღეს მოქმედი 9 თვის ნაცვლად. ეს პერიოდში შესაძლებელია კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს.

"ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერების ვადის გახანგრძლივება ევროკავშირს საშუალებას მისცემს ითანამშრომლოს მესამე ქვეყანასთან, რათა აღმოფხვრას ის გარემოებები, რამაც გამოიწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება [უვიზო რეჟიმის სრულ გაუქმებამდე]". - წერია პრესრელიზში.

გარდა ამისა, დროებითი შეჩერების მექანიზმი ასევე ითვალისწინებს მიზნობრივ მიდგომას. ამ დრომდე მოქმედი წესების მიხედვით შეჩერების გახანგრძლივების დროს ეს ზომა ყველა მოქალაქეს ეხებოდა, განახლებული წესებით კი დამატებით 24-თვიანი პერიოდი შესაძლებელია არ შეეხოს ყველა მოქალაქეს.

კომენტარები