ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ესტონეთი მზად არის, რომ რუსული სამიზნეები ჩამოაგდოს, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. მანვე დაამატა, რომ ამასთან დაკავშირებით NATO-ს პროტოკოლი 20 წელია, რაც არსებობს.
ამის შესახებ ცაჰკნამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრტან, ანდრიი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
ჟურნალისტებმა ცაჰკნას ჰკითხეს, ჩამოაგდებდა თუ არა ესტონეთი რუსულ ობიექტებს, თუკი ისინი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრებოდა.
"ძალიან მარტივი პასუხია, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. მათ დავიჭერთ და ჩამოვაგდებთ, ხოლო NATO-ს პროტოკოლი ამასთან დაკავშირებით 20 წელია, რაც მოქმედებს. NATO მზად არის, საკუთარი ტერიტორია პირველივე წამიდან, პირველივე მიწოლიდან დაიცვას". - თქვა ცაჰკნამ.
როგორც ცაჰკნამ ასევე აღნიშნა, როდესაც რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია, NATO-ს თვითმფრინავები მობილიზებული იყო და მზად იყო სამოქმედოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სუვერენიტეტისადმი საფრთხეს შეამჩნევდნენ.
"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა ჩვენი შესაძლებლობები გამოსცადა და NATO-ს ცენტრალური ევროპის მისია მაშინვე გამტკიცდა, როდესაც პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ამგვარად ჩვენი რეგიონის გარშემო კოორდინაციას ვზრდით და ჩვენს შესაძლებლობებს ვაძლიერებთ". - ცაჰკნამ.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.
მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ, ასე ვფიქრობ".





