CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს მას შემდეგ, რაც წყაროებმა განაცხადეს, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის მოსალოდნელი შეხვედრა ამ კვირაში ვერ შედგა.
16 ოქტომბერს ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ "მომავალ კვირაში ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრაზე შევთანხმდით."
"აშშ-ს თავდაპირველ შეხვედრებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გაუძღვება, სხვა პირებთან ერთად," დაწერა მან Truth Social-ზე.
CNN-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ რუბიოსა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შორის მოსალოდნელი შეხვედრა ამ დროისთვის გადაიდო. CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მოხდა ეს, თუმცა ერთ-ერთი წყაროს თქმით, რუბიოსა და ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ უკრაინაში ომის შესაძლო დამთავრების შესახებ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ლავროვს ტელეფონით 20 ოქტომბერს ელაპარაკა. სახდეპის სპიკერის მოადგილის განცხადებით, რუბიომ ლავროვთან საუბრისას გაუსვა აშშ-სა და რუსეთს შორის მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, რათა რუსეთ-უკრაინის ომი გრძელვადიანად მოგვარდეს.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუბიომ და ლავროვმა განიხილეს შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რათა სისრულეში მოიყვანონ 16 ოქტომბერს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარით მიღწეული ურთიერთგაგებები.
საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ CNN-ს აცნობა, რომ რუბიო-ლავროვის ზარის შემდეგ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ განცდა, რომ რუსეთის პოზიცია საკმარისად არ შეცვლილა. წყაროს თქმით, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუბიო ტრამპს მომდევნო კვირაში პუტინთან შეხვედრას ურჩევს, თუმცა მიმდინარე კვირაში შესაძლოა, რუბიომ და ლავროვმა კვლავ გამართონ სატელეფონო საუბარი.





