გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აგვისტოში ალასკაში გამართულ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კატეგორიული უარი თქვა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო წინადადებაზე და ამის ნაცვლად მან ხანგრძლივი ისტორიული ლექციის წაკითხვა დაიწყო.
ალასკაში გამართულ მოლაპარაკებებზე ინფორმირებულ რამდენიმე ადამიანზე დაყრდნობით FT წერს, რომ პუტინს ტრამპი თავდაპირველად კეთილგანწყობით შეხვდა, თუმცა დახურულ კარს მიღმა ეს დამოკიდებულება სწრაფად შეიცვალა.
გამოცემა წერს, რომ შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე მრჩეველი ესწრებოდა, როდესაც პუტინმა კატეგორიულად უარყო აშშ-ს შეთავაზება სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ. ამის მაგივრად, პუტინი დაჟინებით ითხოვდა, რომ ომი მხოლოდ უკრაინის კაპიტულაციისა და კიევის მხრიდან დონბასში ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში დასრულდებოდა.
როგორც FT წერს, ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა აზრმოკლებული ისტორიული გადახვევები დაიწყო, რაც მოიცავდა შუა საუკუნის მმართველებს, მაგალითად რიურიკსა და იაროსლავ ბრძენს, და მე-17 საუკუნის უკრაინელ კაზაკ სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწეს, ბოგდან ხმელნიცკის - რომელთა მეშვეობითაც პუტინი ხშირად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ერია.
წყაროების თქმით, ამის პასუხად, გაკვირვებულმა ტრამპმა პუტინთან საუბრისას რამდენჯერმე ხმას აუწია და ერთ მომენტში შეხვედრის დატოვებითაც დაიმუქრა. საბოლოოდ, შეხვედრა ხანმოკლე აღმოჩნდა. ასევე გაუქმდა დაგეგმილი ვახშამიც, სადაც ორივე მხარის დელეგაციები ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვას აპირებდნენ.
კითხვაზე, აუხსნა თუ არა მან უკრაინის ისტორია ტრამპს, პუტინმა მიმდინარე თვის დასაწყისში უპასუხა, რომ "ეს სასაცილო არ არის."
"მე ველაპარაკე ჩემს ამერიკელ თანამოსაუბრეებს [ამის შესახებ]. ამას არ დავმალავ: ჩვენ უბრალოდ ვისაუბრეთ სხვადასხვა ვარიანტებზე მოსაგვარებლად, საკმაოდ გულახდილად და გულწრფელად. არ ვიცი, რა გამოვა აქედან, მაგრამ მზად ვართ, ეს დისკუსია გავაგრძელოთ." - თქვა პუტინმა.





