უკრაინის პრემიერმინისტრის, იულია სვირიდენკოს დელეგაცია მომდევნო კვირას აშშ-ში გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
დელეგაციის წევრია ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი. ვიზიტის ფარგლებში მთავარი განსახილველი თემა საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკა, სამშვიდობო მოლაპარაკებები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება.
დაგეგმილი ვიზიტს წინ უძღვოდა 7ოქტომბერს დონალდ ტრამპის განცხადება, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნაზე გადაწყვეტილება "თითქმის" მიიღო, მაგრამ ჯერ სურს გაარკვიოს, სად გამოიყენებენ ამ იარაღს.
მანამდე, 27 სექტემბერს, WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 სექტემბერს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში "პოზიტიური" ტრენდები განადგურდება, თუკი ვაშინგტონი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.
"შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების, მათ შორის, Tomahawk-ების, უკრაინისთვის მიწოდება გამოიწვევს რუსეთსა და აშშ-ს შორის აღმოცენებადი პოზიტიური ტრენდების განადგურებას," განუცხადა პუტინმა რუს პროპაგანდისტს, პაველ ზარუბინს.





