რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის: Tomahawk-ებმა შესაძლოა რუსეთს აიძულოს გამოფხიზლება და მოლაპარაკებებზე წამოსვლა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებამ, შესაძლოა, რუსეთი აიძულოს, დაინახოს რეალური მდგომარეობა და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინას მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი იარაღები, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს კიევის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებში.

"ახლა მნიშვნელოვანია სიგნალის გაგზავნა, რომ უკრაინა ყველა შესაძლო საშუალებით გაძლიერდება. ერთ-ერთი ასეთი საშუალება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია არის – Tomahawks-ები.

ყველა ამ ტიპის იარაღმა შეიძლება გააძლიეროს უკრაინა და აიძულოს რუსები ცოტათი გამოფხიზლდნენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ". - თქვა ზელენსკიმ.


7ოქტომბერს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნაზე გადაწყვეტილება "თითქმის" მიიღო, მაგრამ ჯერ სურს გაარკვიოს, სად გამოიყენებენ ამ იარაღს.

გასულ დღეებში კი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.

მანამდე, 27 სექტემბერს, WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება. 

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 სექტემბერს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია. 

უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში "პოზიტიური" ტრენდები განადგურდება, თუკი ვაშინგტონი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის. 

"შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების, მათ შორის, Tomahawk-ების, უკრაინისთვის მიწოდება გამოიწვევს რუსეთსა და აშშ-ს შორის აღმოცენებადი პოზიტიური ტრენდების განადგურებას," განუცხადა პუტინმა რუს პროპაგანდისტს, პაველ ზარუბინს. 

კომენტარები