რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ირწმუნება, რომ ბრიტანეთი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადება, რომლის ფარგლებშიც "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი მოღალატე რუსები ევროპაში უცხოურ სამოქალაქო ხომალდს თავს დაესხმებიან".
СВР-ის პრესსამსახურის განცხადებას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.
"ამ დროისთვის დაჯგუფების წევრები უკვე ჩავიდნენ გაერთიანებულ სამეფოში დივერსიული მომზადებისთვის. მას შემდეგ, რაც ტერორისტებს 'აღმოაჩენენ,' იგეგმება გამოცხადება, რომ ისინი 'მოსკოვის ბრძანებით' მოქმედებდნენ." - წერია СВР-ის განცხადებაში.
СВР-ის მტკიცებით, ბრიტანეთს გათვლილი აქვს, რომ "რუსოფობიის" გამო ევროპელი ლიდერები "სიხარულით" დაიჯერებენ ამ "ცრუ ინფორმაციას," "რათა გამართლება მოუძებნონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებით გაზრდის საჭიროებასა და "რუსულ აგრესიასთან" საბრძოლველად "ერთიანი ევროპის" მილიტარიზაციაც."
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს მსგავსი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული განცხადებები წარსულში მრავლად აქვს გაკეთებული.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე გავრცელებულ განცხადებაში СВР ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირს მოლდოვის ოკუპაცია აქვს განზრახული.
ივნისის თვეში კი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ოცნების მმართველობის დასრულებას გეგმავს, რისთვისაც, რუსული სააგენტოს მტკიცებით, ასამდე სტუდენტი, ახალგაზრდა, ფემინისტი და LGBT თემის წარმომადგენელი შეაგროვეს.
СВР-ს მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ინტერესები დაისახა, რაც დასავლელ "ლიბერალ-გლობალისტებს" აღიზიანებს.
ამასთან, სექტემბერში СВР-მა პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა სექტემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც. რუსული სამსახური ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირი სერბეთში "მაიდნის" მოსაწყობად ემზადება. СВР-ის მიხედვით, არეულობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდები, მეტწილად ბრიუსელის "დივერსიული საქმიანობის შედეგი" იყო.





