რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ორბანი: უკრაინა არ არის სუვერენული სახელმწიფო

Attila Kisbenedek/AFP via Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, უნგრულ დრონებს უკრაინის საზღვარი არ დაურღვევია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის და უნგრული დრონების მიერ მათი საზღვრის დარღვევა პრობლემა არ უნდა იყოს

ორბანი ირწმუნება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი არ არის, რადგან მას დასავლეთი ფინანსურად ეხმარება და "არ უნდა იქცეოდეს ისე, თითქოს სუვერენულია". 

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა პოდკასტ Harcosok órája-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ახლა, არ აქვს მნიშვნელობა, ორმა, სამმა თუ ოთხმა უნგრულმა დრონმა გადაკვეთა [საზღვარი]. დავუშვათ, რომ რამდენიმე მეტრზე შეფრინდა და მერე რა? უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ ვამყარებთ და არ უნდა იქცეოდეს ისე, თითქოს სუვერენულია". - თქვა ორბანმა. 

ამასთან, ორბანმა თქვა, რომ უკრაინა ყურადღებას არა უნგრულ დრონებს, არამედ აღმოსავლეთ ფრონტს უნდა აქცევდეს.

"უკრაინა უნგრეთს არ ეომება, რუსეთს ეომება. აღმოსავლეთ ფრონტზე დრონები უნდა ადარდებდეს".- თქვა ორბანმა. 

ცნობისთვის, 26 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სავარაუდოდ უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა უნგრეთის საზღვართან უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

მოგვიანებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ზელენსკის გამოეხმაურა და ირწმუნებოდა, რომ ზელენსკიმ "ანტინუგრული განწყობების გამო შეშლა დაიწყო" და მას "მოჩვენებები ელანდება". 

27 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მტკიცებულებები შეაგროვა და "ბრმა უნგრელი ჩინოვნიკებისთვის" დრონის მარშრუტის გამოსახულება გამოაქვეყნა. 

კომენტარები