"ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები და მათი შესწავლის პროცესში ვართ. უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, გავარკვიოთ პოტენციური საფრთხეები და დავადგინოთ ვინ იქნება ამ პროცესში მონაწილე. შემდეგ შევძლებთ პასუხის გაცემას" – კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ შესაძლოა აშშ-მ უკრაინას Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს.
პესკოვის თქმით, საჭიროა უფრო ღრმა ანალიზი ყველა იმ სცენარის, რაც რაკეტების უკრაინაში აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს.
"კითხვა კვლავ რჩება: ვის შეუძლია ამ რაკეტების გაშვება, იმ შემთხვევაშიც, თუ ის კიევის რეჟიმის ტერიტორიაზე აღმოჩნდება? მათი გაშვება მხოლოდ უკრაინას შეეძლება, თუ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებსაც? ვინ განსაზღვრავს მათ მიზანს? ამ კითხვებს დეტალური ანალიზი სჭირდება" – ამბობს პესკოვი.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვისTomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების თხოვნაზე 28 სექტემბერს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
27 სექტემბერს WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
WSJ ასევე წერდა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ, რათა აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან მოლაპარაკებები გამართონ.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
მოგვიანებით, Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.
ზელენსკის თქმით, ტრამპი ხედავს რომ უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რის გამოც აშშ მზად არის უკრაინას ბოლომდე გვერდში ედგეს.





