ბულგარეთში, ბურგასის სანაპიროზე დაუდგენელი წარმომავლობის დრონი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყება აღნიშნავს, რომ საგანგებო სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბურგასის სანაპიროზე ზღვამ უპილოტო საფრენი აპარატი გამორიყა. ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა კი დაადგინა, რომ დრონი არ შეიცავს ასაფეთქებელ მოწყობილობას და არ წარმოადგენს საფრთხეს.
ამ დრომდე დაუდგენელია უპილოტო საფრენი აპარატის წარმომავლობა. დრონი შესასწავლად ბურგასის სამხედრო-საზღვაო ბაზაზეა გადატანილი.
მანამდე, აგვისტოში ბულგარეთის ერთ-ერთ სანაპიროზე, სავარაუდოდ, რუსული სადაზვერვო დრონი აღმოაჩინეს.





