აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ "უკმაყოფილო" იყო დასავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ამერიკული საწარმოს დაბომბვის გამო.
22 აგვისტოს ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, ესაუბრა თუ არა ის პუტინს აშშ-ს კომპანიაზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით.
"მე მას ვუთხარი... ამით უკმაყოფილო ვარ. არაფრით ვარ კმაყოფილი, რაც მაგ ომს ეხება." - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, 21 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის ზაკარპატიის ოლქში ელექტროტექნიკის მწარმოებელ ამერიკულ საწარმოზე იერიში მიიტანა.
"დახარჯეს რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა ზაკარპატიეში ამერიკული საწარმოს გასანადგურებლად. ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო საწარმო, ამერიკული ინვესტიცია. აწარმოებდა ისეთ მარტივ საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიც ყავის მანქანაა". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დაკავშირებით "მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას" ორ კვირაში მიიღებს:
"ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. შევხედავთ, ექნებათ თუ არა შეხვედრა, საინტერესო იქნება ეს. თუ არა - რატომ არ ჰქონდათ შეხვედრა, რადგან ვუთხარი, რომ შეხვედრა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ორ კვირაში მეცოდინება, თუ რას გავაკეთებ.
[...] ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება - და ეს ეხება, იქნება თუ არა მასობრივი სანქციები, მასობრივი ტარიფები, ან ორივე, ან არაფრის გაკეთება." - თქვა მან.





