18 აგვისტოს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ დახურულ კარს მიღმა განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი. ამ საკითხებს გაეროს საბჭო ყოველწლიურად განიხილავს. სხდომის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ.
პოლიანსკის თქმით, რუსეთიც და საქართველოც ურთიერთობის ნორმალიზაციას ცდილობენ. 2008 წლის ომს მან "უმნიშვნელო კონფლიქტი" უწოდა და თქვა, რომ ევროპელებმა ის "ნაფთალინიდან ამოიღეს", რათა ნორმალიზაციის პროცესისთვის ხელი შეეშალათ.
"ვფიქრობ, სწორედ ახლა თქვენ იხილეთ ევროპული დიპლომატიის პათეტიკურობისა და გამოუსადეგრობის ცხადი ილუსტრაცია და ახლა უკეთ გესმით, რატომ უწევს ევროპულ დიპლომატიას უფრო დიდ მაგიდებზე ნამცეცების აკრეფა, განწირული მისიისთვის, გააკეთონ რაიმე ანტირუსული. მათ მცირე ხნის წინ სცადეს, ნაფთალინიდან ამოეღოთ კონფლიქტი - რომელიც აღარაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ უსაფრთხოების საბჭოს მისი განხილვა სჭირდებოდეს - ერთადერთი მიზნით, ძირი გამოეთხარათ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმდინარე ძალისხმევისთვის.
მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს რუსეთის საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ ვართ სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორები საქართველოსთვის. ასევე, გვყავს 1.5 მილიონი რუსი ტურისტები, რომლებიც გასულ წელს საქართველოს ესტუმრნენ. ასე რომ, ეს ადასტურებს ორივე ქვეყნის აბსოლუტურად ცხად სურვილს, ხელახლა დაამყარონ კავშირი და მოხდეს ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზაცია." - თქვა რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში.
პოლიანსკის მტკიცებით, არსებობენ ისინი, ვისაც "ნორმალიზაციის" სცენარი არ აინტერესებთ. მან შეაქო ქართული ოცნება და მათ მიერ გამოჩენილი "სიბრძნე". გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან გაათანაბრა და თქვა, რომ აუცილებელია მათ შორის ურთიერთობა და თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმება.
"თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისინიც, ვინც მსგავსი სცენარით დაინტერესებული არ არიან. ისინი, ვისაც სურდათ საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების პაიკად ექციათ. ფიქრობენ, რომ ეს წარმატებით გამოუვიდათ უკრაინასთან, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობას ეყო სიბრძნე, უარი ეთქვა ასეთ საშინელ სცენარზე. თუმცა ეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს მოუსვენარს ხდის. ისინი ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა შეცდომა გაიმეორონ და ამ ქვეყანას გაუძღვნენ იგივე ტრაგედიისკენ, რომლამდეც უკრაინა უკვე მიიყვანეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს შევუშლით მსგავს ძალისხმევას. ჩვენ გვაინტერესებს კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან. ასევე დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სასარგებლო კლიმატის შექმნით. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის ნორმალური ურთიერთობით, ამ ქვეყნებს შორის აგრესიისა და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემურ რეგიონში ამ კონფლიქტების ტრაგიკული ისტორიის გათვალისწინებით. ასე რომ, ბუნებრივია, რაც მსურს, არ მგონია, რომ ამ საკითხის დეტალებში ჩაძიება საჭირო იყოს." - თქვა პოლიანსკიმ.
გასულ წელს პოლიანსკი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის დასაცავად ქართული ოცნების განცხადებასაც ციტირებდა.





